მიხეილ სარჯველაძე - ზოგიერთი ოპოზიციური ჯგუფის მიზანია, ხელი შეუშალონ ევროინტეგრაციას, ცდილობენ, რეპუტაციულად მაინც დააზიანონ რეკომენდაციების შესრულების პროცესი
მიხეილ სარჯველაძე - ზოგიერთი ოპოზიციური ჯგუფის მიზანია, ხელი შეუშალონ ევროინტეგრაციას, ცდილობენ, რეპუტაციულად მაინც დააზიანონ რეკომენდაციების შესრულების პროცესი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, გარკვეულ ოპოზიციურ ჯგუფებს სურთ, ევროკავშირის რომელიმე რეკომენდაციის შესრულებას საფრთხე დაემუქროს და ცდილობენ, რეპუტაციულად მაინც დააზიანონ პროცესი.

სარჯველაძის თქმით, აღნიშნული პოლიტიკური ჯგუფების მიზანია, ხელი შეუშალონ საქართველოს ევროინტეგრაციას.

მიხეილ სარჯველაძეს კითხვა დაუსვეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის განცხადებაზე, სადაც პაატა მანჯგალაძე აღნიშნავს: „როგორც კი აშკარა გახდება, რომ „ქართული ოცნების“ გამო არ გვაძლევენ კანდიდატის სტატუსს, მაშინვე უნდა გამოვიდეს ასი ათასობით ადამიანი ქუჩაში, მე პირველი გავალ“.

„ამ განცხადებას სახელი რომ ვუწოდოთ, ეს დაახლოებით, ესიზმრება და ელანდებას ამბავია. ამ პოლიტიკურ ჯგუფებს დიდი სურვილი აქვთ, საქართველოში შექმნან ვითარება, როცა შეიძლება, რომელიმე რეკომენდაცია აღმოჩნდეს საფრთხის ქვეშ. ამისთვის იღწვიან და ცდილობენ, რეპუტაციულად მაინც დააზიანონ ის პროცესი, რომელიც საქართველოში წარიმართა რეკომენდაციების შესასრულებლად. პირველივე დღიდან მათი დამოკიდებულება იყო დესტრუქციული. მათი მიზანია, ხელი შეუშალონ საქართველოს ევროინტეგრაციას.

მათი გაცხადებული პოლიტიკის მიუხედავად, რატომ სურთ ეს? მათთვის ვიწროპარტიულად მომგებიანი არ იქნება, თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გაგრძელდება ევროპის მიმართულებით სტაბილური განვითარება, რომელიც ამ დრომდე იყო. რასაკვირველია, ისინი საკუთარ მარცხად მიიჩნევენ იმას, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხერხდა ისეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, როგორიც იყო ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულება და ამ ამოცანების ზედმიწევნით შესრულება. ამას პარტიულ წარუმატებლობად აღიქვამენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყნის წარმატებაა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.