მიხეილ სარჯველაძე - შესარჩევ პროცესში მონაწილეობა შეეძლება ყველას, ვისაც სახალხო დამცველობა სურს, ვიმედოვნებ, შევძლებთ ყველაზე ოპტიმალური კანდიდატის არჩევას
მიხეილ სარჯველაძე - შესარჩევ პროცესში მონაწილეობა შეეძლება ყველას, ვისაც სახალხო დამცველობა სურს, ვიმედოვნებ, შევძლებთ ყველაზე ოპტიმალური კანდიდატის არჩევას

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახალხო დამცველის არჩევის მიზნით, კანდიდატად წარდგენის მსურველთა განაცხადების მიღება დღეს დაიწყო და ეს პროცესი 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.

მისივე თქმით, პრაქტიკულად სრული კონსენსუსით შეთანხმდნენ წესებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც პროცედურები ჩატარდება.

„ეს გულისხმობს შეფასების, შერჩევის პროცესს პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან, კონსულტაციებს და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას. ყველას, ვისაც სურვილი აქვს, გამოსცადოს საკუთარი შესაძლებლობა, რომ გახდეს სახალხო დამცველი, შესაძლებლობა ექნება, პროცესში მონაწილეობა მიიღოს. ყველას მიმართ ჩემი მოწოდებაა, ვინც მიიჩნევს, რომ შეუძლია, იყოს საქართველოს სახალხო დამცველი, წარმოადგინოს განაცხადი და გაიაროს პროცედურები, რომლის მეშვეობითაც მოხდება შეფასება და შემდგომ კანდიდატთა შერჩევა. დიდი იმედი მაქვს, შევძლებთ ყველაზე მეტად ოპტიმალური კანდიდატის არჩევას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.