მიხეილ სარჯველაძე - ყველაფერს, რაც დემოკრატიული მმართველობისთვის არის დადებითად დამახასიათებელი, 2007 წლის 7 ნოემბერს ძალმომრეობით ხაზი გადაუსვა იმჟამინდელმა ხელისუფლებამ
მიხეილ სარჯველაძე - ყველაფერს, რაც დემოკრატიული მმართველობისთვის არის დადებითად დამახასიათებელი, 2007 წლის 7 ნოემბერს ძალმომრეობით ხაზი გადაუსვა იმჟამინდელმა ხელისუფლებამ

ვფიქრობ, განაჩენი, რომელიც საზოგადოებამ „ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წლის მიწურულს გამოუტანა, კვლავაც ძალაშია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 7 ნოემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და მძიმე დღეა.

„ადამიანებს არა უბრალოდ ძალიან მძიმედ გაუსწორდა ხელისუფლება, მძიმე ტრავმებით და ასე შემდეგ, ეს მართლაც ძალიან ძნელად საყურებელი იყო, არამედ გამოყოფას იმსახურებს დამოკიდებულებები, რომლებიც იმხანად გამოავლინა ხელისუფლებამ. ეს არის ყველაზე ცუდი მაგალითი, რაც კი გვინახავს უახლოეს ისტორიაში, როდესაც აბსოლუტურად დაშორიშორდა ერთმანეთს საზოგადოების ინტერესი, საზოგადოება საზოგადოდ და ხელისუფლება“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე თქმით, დემოკრატიულ ღირებულებებთან ხელისუფლების დაშორების ასევე ძალიან მკაფიო დემონსტრირება იყო ის, რაც დატრიალდა ტელეკომპანია „იმედში“.

„მართლაც ძალიან მძიმედ საყურებელი, მძიმედ აღსაქმელი, რომელსაც შეუძლია, ყველაფერი გადაწონოს, იმდენად მძიმე კადრები და მძიმე მოვლენები იყო, რასაც თვალს ვადევნებდით. ეს არის ის, რაც საქართველოში, აბსოლუტურად გადაუჭარბებლად ვიტყვი, არასდროს უნდა განმეორდეს იმის გათვალისწინებით, რომ ყველაფერს, რაც არის დემოკრატიული მმართველობისთვის დადებითად დამახასიათებელი, ძალმომრეობით ხაზი გადაუსვა იმჟამინდელმა ხელისუფლებამ. სამწუხაროა, რომ 14 წლის თავზე ისინი ცდილობენ, საზოგადოება დაარწმუნონ, რომ ეს ყველაფერი დავიწყებას უნდა მიეცეს და ისტორიის გაკვეთილები არ უნდა ისწავლოს საკუთარ შეცდომებზე თუნდაც საზოგადოებამ, ან რომ შეცდომები, რომლებიც დაშვებულია, უნდა განმეორდეს და ასე შემდეგ. არ არის ეს სწორი მიდგომები და ვფიქრობ, განაჩენი, რომელიც საზოგადოებამ „ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წლის მიწურულს გამოუტანა, კვლავაც ძალაშია. ბუნებრივია, ამას საზოგადოების მეხსიერებიდან ასე მარტივად ვერ ამოშანთავენ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.