მიხეილ სარჯველაძე - ყველა ზომა იქნება მიღებული, რათა რეკომენდაციების შესასრულებლად პროცესი ინკლუზიური იყოს, ვიმედოვნებ, შარშანდელზე მეტი იქნება იმ ოპოზიციონერთა რიცხვი, რომლებიც პროცესში ჩაერთვებიან
მიხეილ სარჯველაძე - ყველა ზომა იქნება მიღებული, რათა რეკომენდაციების შესასრულებლად პროცესი ინკლუზიური იყოს, ვიმედოვნებ, შარშანდელზე მეტი იქნება იმ ოპოზიციონერთა რიცხვი, რომლებიც პროცესში ჩაერთვებიან

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მმართველი გუნდის მხრიდან ყველა ზომა იქნება მიღებული, რათა ევრორეკომენდაციების შესასრულებლად პროცესი მაქსიმალურად ინკლუზიურად და სრულფასოვნად წარიმართოს.

სარჯველაძის თქმით, იმედი აქვს, რომ შარშანდელთან შედარებით გაზრდილი იქნება იმ ოპოზიციონერთა რაოდენობა, რომლებიც სამუშაო პროცესში ჩაერთვებიან.

„ვითვალისწინებთ იმ რისკებს, რაც, შეიძლება, თანმდევი იყოს დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან პროცესში მონაწილეობის არმიღების თვალსაზრისით. ეს რისკები გასათვალისწინებელი იქნება, რათა პროცესი ისე დაიგეგმოს, რომ მათი მხრიდან ცრუ ბოიკოტით პროცესის განხორციელებას ხელი არ შეეშალოს. იმედი მაქვს, იმ ოპოზიციონერთა რიცხვი, რომლებიც სამუშაო პროცესში ჩაერთვებიან, უფრო მეტი იქნება, ვიდრე შარშან იყო“, – განუცხადა მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველ არხს.