მიხეილ სარჯველაძე - საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობის მიუხედავად, არაფერი რჩება ჩრდილში, „ფარას“ საშუალებით საზოგადოება დაცულია დეზინფორმაციის კამპანიისგან
მიხეილ სარჯველაძე - საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობის მიუხედავად, არაფერი რჩება ჩრდილში, „ფარას“ საშუალებით საზოგადოება დაცულია დეზინფორმაციის კამპანიისგან

საბედნიეროდ, ისეთი ინსტრუმენტები არსებობს, როგორიცაა „ფარა“. ცალკეული ადამიანების დიდი მეცადინეობის მიუხედავად, რომ ყალბი აღქმები შექმნან, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, ლობისტური საქმიანობით სარკეები გააუმრუდონ, არაფერი რჩება ჩრდილში, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძე  აღნიშნული კომენტარით გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს გამოეხმაურა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, „ფარას“ საშუალებით საზოგადოება დეზინფორმაციის კამპანიისგან დაცულია.

„ეს ინფორმაცია პირველი არ არის, მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილია იმ მავნებლური საქმიანობისა, რასაც სააკაშვილი, მისი გარემოცვა მიმართავენ, რათა საერთაშორისო საზოგადოებაში ჩვენი ქვეყნის რეპუტაციის დამაზიანებელი შთაბეჭდილება შექმნან. ეს ძალიან დასანანია და ყველაზე კარგად აჩვენებს, რომ ამ ხალხისთვის პრიორიტეტია არა ქვეყნის, არამედ ვიწროპარტიული ინტერესები. იმ ფონზე, როცა საქართველო ევროინტეგრაციისთვის იღვწის, არ შეიძლება, დაკავებული იყო მსგავსი რეზოლუციების მხარდაჭერით და ამერიკელი კონგრესმენების დარწმუნებით, საქართველოს სანქციები დაუწესდეს. დადასტურდა, რომ ბოლო პერიოდში ყალბი აჟიოტაჟი ნაკარნახევი იყო მსგავსი საქმიანობის შედეგად. ადამიანები საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ცდილობენ და ამაში უამრავ ფულს ხარჯავენ. ახლა ხომ გასაკვირი არაფერია იმაში, რომ ეს  ყველაფერი ყალბი ნარატივების შექმნის მცდელობა იყო, რასაც როგორც სიმართლეს, ისე ასაღებდნენ, მაგრამ მავნებლური პიარის ნაწილია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.