მიხეილ სარჯველაძე - „ვივამედის“ პრეტენზიები გასაგებია, რადგან კარგად ჩანს, რომ სააკაშვილი და მისი გარემოცვა სინქრონულად მუშაობენ, რომ ჯანმრთელობისთვის მეტი ზიანი გამოიწვიონ
მიხეილ სარჯველაძე - „ვივამედის“ პრეტენზიები გასაგებია, რადგან კარგად ჩანს, რომ სააკაშვილი და მისი გარემოცვა სინქრონულად მუშაობენ, რომ ჯანმრთელობისთვის მეტი ზიანი გამოიწვიონ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სააკაშვილი და მისი გარემოცვა სინქრონულად მუშაობენ, რომ ჯანმრთელობისთვის რაც შეიძლება მეტი ზიანი გამოიწვიონ და ასეთ პირობებში კლინიკა „ვივამედის“ პრეტენზიები გასაგებია.

სარჯველაძის თქმით, სააკაშვილს ყველა სამედიცინო სერვისზე მიუწვდება ხელი.

„ამ საკითხებზე პენიტენციური სამსახური და „ვივამედი“ უნდა შეთანხმდნენ, მაგრამ გასაგებია პრეტენზიები, რომელსაც ეს კლინიკა აყენებს, რადგან კარგად ჩანს, რომ სააკაშვილი და მისი გარემოცვა შეწყობილად და სინქრონულად მუშაობენ, რომ ჯანმრთელობისთვის რაც შეიძლება მეტი ზიანი გამოიწვიონ. სამწუხაროდ, თვითდაზიანების რეჟიმი ისევ აქტიურ ფაზაში შევიდა. მაშინ, როცა აქტიური პოლიტიკური მოვლენები იკავებდა ადგილს, სააკაშვილის თვითდაზიანების საკითხი მაინც და მაინც აქტიური არ იყო. ეს საკითხი ახლა ისევ გააქტიურდა, რაკი, როგორც ჩანს, დადგა მათთვის საინტერესო დრო, რომ რაღაცნაირად ყურადღება მიიქციონ. აშკარად შეინიშნება, რომ სააკაშვილი და მისი მომხრეები თვითდაზიანების რეჟიმს ირჩევენ. ეს არ არის სწორი მიდგომა. საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ მას ყველა სამედიცინო სერვისზე ხელი მიუწვდება და მათი მხრიდან იქნება სიმულაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე აპელირება საიმისოდ, რომ ამით პოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტისთვის რაღაც ინსტრუმენტი შეიძინონ“, – განუცხადა მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველ არხს.

„ვივამედმა“ პენიტენციურ დაწესებულებას მიმართა, შეაფასოს სააკაშვილის კლინიკაში დაყოვნების მიზანშეწონილობა, ვინაიდან, კლინიკის განმარტებით, ის მკურნალობა, რაზეც თანხმობას აცხადებს პაციენტი, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში.