მიხეილ სარჯველაძე - ვისურვებდი, სახალხო დამცველი მუდმივად იყოს უკმაყოფილო ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი პოზიციები სწორია
მიხეილ სარჯველაძე - ვისურვებდი, სახალხო დამცველი მუდმივად იყოს უკმაყოფილო ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი პოზიციები სწორია

სახალხო დამცველის კონსტიტუციური ფუნქციაა, კრიტიკული თვალით აკვირდებოდეს ყველა მიმართულებით ადამიანის უფლებების განხორციელებას, დაცვის ხარისხებს და ა.შ. – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის წლის შემაჯამებელ ანგარიშთან დაკავშირებით.

„ვისურვებდი, სახალხო დამცველი იყოს პირი, რომელიც მუდმივად იქნება უკმაყოფილო დაცვის სტანდარტებით, კონსტიტუციური მოდელია ასეთი, რომლის მიხედვითაც, ეს უნდა განვითარდეს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი პოზიციები არგუმენტირებული და სწორია. როდესაც სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშები განიხილება, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი რეკომენდაციების უდიდეს უმრავლესობას რეალურად იზიარებს. მუდმივად უნდა გვახსოვდეს, განსაკუთრებით დღევანდელ დღეს, 10 დეკემბერს, რომ ყოველთვის უნდა ვახერხებდეთ ვიპოვოთ ადამიანის უფლებების სტანდარტების გაუმჯობესების შემდგომი ამაღლების შესაძლებლობა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, სარჯველაძემ კომენტარი გააკეთა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ სახალხო დამცველის დღევანდელ ანგარიშში მოყვანილ განცხადებაზე.

„რაც შეეხება სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გავრცელებას, ამასთან დაკავშირებით კომპეტენტური დაწესებულების დასკვნა არსებობს. თუმცა, ნება მიბოძეთ, ამ შემთხვევაში, გამოთქმულ მოსაზრებებს არ დავეთანხმო, რადგან არსებობს განსხვავებული არგუმენტაციაც. მათ შორის, ის ლეგიტიმური საფუძველი, რომელიც თავად ინსპექტორის დასკვნაშია მითითებული, რა შეიძლება ყოფილიყო ამ კადრების გავრცელების მიზეზი. ამ შემთხვევაში, ეს ინტერესი იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური და საკმაოდ წონადი. უფრო მეტად წონადი, ვიდრე ამ შემთხვევაში, პერსონალური მონაცემი შეიძლება, იყოს. იგულისხმება საზოგადოების უფლება, იყოს ინფორმირებული და სწორი ინფორმაციით მომარაგებული. არ შეიძლება ვითარების წარმოჩენა იმგვარად, თითქოს უმიზეზოდ გავრცელდა კადრები. არ მგონია, რომ სასამართლო პროცესის დისტანციურ ფორმატში წარმოება უფლების ისეთი ხელყოფაა, რომელიც გაუმართლებელია და დარღვევას წარმოადგენს, მისი აზრით. მთელ მსოფლიოში, ცივილიზებულ სახელმწიფოებში პროცესები თანამედროვე ეტაპზე დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ უხერხულობასთან და დისკომფორტთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, დაცვის უფლების ხელყოფაზე მითითება საფუძვლიანი არ არის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.