მიხეილ სარჯველაძე - გამორიცხულია, ადმინისტრაციამ პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის საქმიანობას ხელი შეუშალოს
მიხეილ სარჯველაძე - გამორიცხულია, ადმინისტრაციამ პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის საქმიანობას ხელი შეუშალოს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის თქმით, ვინაიდან იუსტიციის სამინისტროს სისტემას იცნობს, მიაჩნია, რომ სახალხო დამცველის განცხადება უსაფუძვლოა.

სარჯველაძე გამორიცხავს, რომ ადმინისტრაციამ პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის საქმიანობას ხელი შეუშალოს.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ამ მიმართულებით დაწესებულებაში სისტემური პრობლემა არ არსებობს.

„ვიცნობ რა, იუსტიციის სამინისტროს სისტემას, ჩემთვის ნათელია, რომ ეს ბრალდებები უსაფუძვლოა. ყოველ შემთხვევაში, ამის რწმენა მაქვს და ვინაიდან სისტემა ვიცი, შემიძლია, კატეგორიულად გამოვრიცხო, რომ ეს არ არის სისტემური პრობლემა, რომელიც წახალისებულია ადმინისტრაციის მხრიდან.

პირიქით, გამოვრიცხავ, რომ ადმინისტრაციამ პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის საქმიანობას ხელი შეუშალოს, ეს არის გამორიცხული. რაც შეეხება კონკრეტულ ინციდენტს, არ ვიცი, რამ განაპირობა სახალხო დამცველის მიმართ კონკრეტული მსჯავრდებულის უკმაყოფილება, ან კლების ტენდენცია რით არის განპირობებული, ეს საჭიროებს ყველას მხრიდან ანალიზს. სახალხო დამცველმა პროკურატურას მიმართა. ჩემთვის კითხვები არ არსებობს, თუ ვინმეს კითხვები აქვს, კარგი შესაძლებლობაა, საგამოძიებო ორგანოებისთვის მიმართვა, რომ ჭეშმარიტება დადგინდეს და ფარდა აეხადოს იმ ბრალდებებს, რომელიც გაცხადდა“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე თქმით, კრიმინალური სუბკულტურის წინააღმდეგ არაერთი რეფორმა ჩატარდა და კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა. სარჯველაძის შეფასებით, არის მცდელობა, კონკრეტული ინციდენტი უსაფუძვლო ბრალდებებს დაუკავშირდეს.

„განცხადებას, რომ ამ მეთოდიკით იმართება, ვერ დავეთანხმები, რადგან თვისობრივი განსხვავებული მდგომარეობაა ამ ხელისუფლების პირობებში პენიტენციურ სისტემაში. სუბკულტურაზე განცხადება მცირედით მაინც საფუძვლიანი რომ იყოს, ამას ვერ შევძლებდით. ეს არის სრულიად უსუსური მცდელობა, რომ კონკრეტული ინციდენტი უსაფუძვლო ბრალდებებს დაუკავშირდეს. არ მესმის, რაში მდგომარეობს ხელის შეშლა მაშინ, როცა არავითარი წინააღმდეგობა არ არის. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, სახალხო დამცველს უფლებამოსილების განხორციელების საშუალება პანდემიის პირობებშიც ჰქონდა. თუ კონკრეტულ ფაქტზე ვისაუბრებთ, ამის შეფასება, არც სიმართლის თქმა არავის გაგვიჭირდება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დღეს განაცხადა, რომ ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტებისა და მონიტორინგის განხორციელება არა მარტო გართულდა, არამედ უკვე საფრთხის შემცველი გახდა.

ლომჯარიას თქმით, უკანასკნელი თვეების განმავლობაში დაწესებულებების ადმინისტრაციის და ე.წ. ციხის მაყურებლების მიერ მართული პატიმრების გარკვეული ჯგუფი სისტემატურად ახორციელებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებზე სიტყვიერ თავდასხმებს, მუქარას და აგრესიას.

სახალხო დამცველის განცხადებას გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახური. მათი განცხადებით, სამსახურის ხელმძღვანელობა ყველანაირად ხელს უწყობს ომბუდსმენის და პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლების მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული სიტუაციის მონიტორინგის განხორციელებას.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განმარტებით, პენიტენციურ სისტემაში კრიმინალური ავტორიტეტების რამე სახის ზეგავლენაზე საუბარი არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.