მიხეილ სარჯველაძე - ვინ ვის და რას უსმენს, რომელია ავთენტური, ამას შესწავლა სჭირდება, რეალური ანალიზი თუ გაკეთდება, აღმოჩნდება, რომ არც ისე წვიმს, როგორც ქუხს
მიხეილ სარჯველაძე - ვინ ვის და რას უსმენს, რომელია ავთენტური, ამას შესწავლა სჭირდება, რეალური ანალიზი თუ გაკეთდება, აღმოჩნდება, რომ არც ისე წვიმს, როგორც ქუხს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შეფასებებისა და დასკვნის გასაკეთებლად საკმარისი წინაპირობები უნდა არსებობდეს.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, არ ჰგონია, არგუმენტები საკმარისი იყოს, რომ ჩანაწერებთან დაკავშირებით რომელიმე თანამდებობის პირი პარლამენტში მივიდეს და მოხსენება გააკეთოს.

„რაღაც შეფასება როდესაც კეთდება, შეფასებისა და დასკვნის გამოსატანად სავალდებულო და საკმარისი წინაპირობები უნდა არსებობდეს. როდესაც ერთ ამბავს გავიგებთ, არ შეიძლება, ამას ავტომატურად ისეთი დასკვნა მიებას, რასაც კიდევ სხვა ფაქტორების შესწავლა სჭირდება. ვინ ვის უსმენს, რას უსმენს, რომელია ავთენტური და რომელი – არა, ამას შესწავლა სჭირდება და ამის შემდეგ შეიძლება დასკვნის გაკეთება, გვისმენენ თუ – არა. ბევრი კითხვა მაქვს, ვიდრე დასკვნას გავაკეთებ. ზოგიერთ შემთხვევაში, ვიღაცამ დაადასტურა, ვიღაცამ – არა. ამას კარგად შემოწმება სჭირდება და ამის შემდეგ შეიძლება შეფასების გაკეთება. სხვაგვარად არაერთხელ ყოფილა, როცა წინასწარ გამოტანილი დასკვნები მცდარი აღმოჩნდა.

მსურველი, რომ ეს გამოიყენოს არაკეთილსინდისიერი მიზნებით და რეპუტაციული ზიანისთვის, ბევრია. რეალური ანალიზი და კვლევა თუ გაკეთდება, აღმოჩნდება, რომ არც ისე წვიმს, როგორც ქუხს. გრიგოლ ლილუაშვილი რატომ უნდა მოვიდეს, რას უნდა უპასუხოს? კითხვა რა არის? იმისთვის უნდა მოვიდეს, რომ ჰკითხონ, უსმენდით თუ არაო? – გიპასუხებთ, არაო და სხდომა უნდა დავასრულოთ? დასკვნებამდე არგუმენტაციით უნდა მივდიოდეთ და ამას არ ვაკეთებთ. არ მგონია, საკმარისი არგუმენტები იყოს, რომ რომელიმე თანამდებობის პირი მოვიდეს და მოხსენება გააკეთოს. სხდომაზე დაბარება ერთადერთი ფორმა არ არის, როცა სადეპუტატო უფლებამოსილებას ვასრულებთ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალა გავრცელდა. ის ცალკეულმა ტელეკომპანიებმა ეთერითაც გადასცეს. გავრცელებული ფაილები ცალკეული სასულიერო პირების პირად ცხოვრებას ეხება. ფაილები შეიცავს არასრულწლოვანთა შესახებ ინფორმაციასაც. საქართველოს პირველი არხი არ გთავაზობთ თავად ამ მასალას, რადგან იგი შეიცავს პირად ინფორმაციას. ამასთან, მათი ავთენტურობა დადასტურებული არ არის.