მიხეილ სარჯველაძე - ვფიქრობ, დღევანდელი ღონისძიება სამართლის უზენაესობის პრინციპის დამკვიდრებას განამტკიცებს, რაც მნიშვნელოვანი ფასეულობაა, რომ ევროპის ნაწილად ვიქცეთ
მიხეილ სარჯველაძე - ვფიქრობ, დღევანდელი ღონისძიება სამართლის უზენაესობის პრინციპის დამკვიდრებას განამტკიცებს, რაც მნიშვნელოვანი ფასეულობაა, რომ ევროპის ნაწილად ვიქცეთ

რა თქმა უნდა, პოლიტიკური მდგენელი ამ მოცემულობას აქვს, ამას ვერ ავცდებით, უბრალოდ არ შეიძლება, თავს უფლება მივცეთ, რომ საერთოდ გადავივიწყოთ სამართლებრივი მხარე, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხელ სარჯველაძემ ნიკა მელიას დაკავების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია, რათა ისინი ნიკა მელიასთან დაკავშირებით კანონის აღსრულების სისწორეში დაარწმუნონ.

„სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება უნდა გაკეთდეს და ეს მნიშვნელოვან დასკვნას მოგვცემს პოლიტიკური თვალსაზრისით შეფასებების განხორციელებისთვის. რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია შეფასებები, რასაკვირველია, მესმის იმ განცხადებების პათოსისა, რომელიც კეთდება. გასაგებია, რომ რაკი პოლიტიკური პარტიის მართალია ფორმალურ, მაგრამ მაინც თავმჯდომარეზე გვაქვს საუბარი, ეს ბუნებრივია, მათ ინტერესსაც იმსახურებს. ამ თვალსაზრისით მესმის, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ალბათ მას შემდეგ, რაც ყველა იმ ფაქტოვრივ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მთლიანი სურათის შექმნის საშუალებას იძლევა, ვფიქრობ, განცხადებები შეიძლება მნიშვნელოვანწილად გადაიხედოს მათი მხრიდანაც. ეს არის მოცემულობა, რომელიც სამწუხაროდ, შექმნა ბევრმა ოპოზიციურმა პარტიამ საქართველოში, რის შედეგადაც ალბათ დაგვჭირდება იგივე ჩვენს საგარეო პარტნიორებთან მუშაობა, რათა დავარწმუნოთ, რომ რეალურად არსებული მდგომარეობა იმსახურებდა სწორედ ისეთ მიდგომას, რომელიც ამ შემთხვევაში, დღეს დილით ყველამ ერთად ვიხილეთ.

ჟურნალისტის კითხვაზე: „საერთაშორისო პარტნიორების განცხადებების შინაარსიდან გამომდინარე, რა არგუმენტები გაქვთ ისეთი, რაც უნდა წარუდგინოთ და რაც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციაზე გავლენას ვერ მოახდენს“, სარჯველაძემ განაცხადა, რომ დღევანდელი საპოლიციო ღონისძიება საქართველოში სამართლის უზენაესობის პრინციპის დამკვიდრებას განამტკიცებს, რაც არის მნიშვნელოვანი ფასეულობა, რომ ქვეყანა ევროპის ნაწილი გახდეს.

„საქმე იმაში გახლავთ, რომ ამ შემთხვევაში, სწორედ რომ ეს ღონისძიება, რაც ვიხილეთ, ვფიქრობ, პირიქით, განამტკიცებს საქართველოში სამართლის უზენაესობის პრინციპის დამკვიდრებას, რაც არის უაღრესად მნიშვნელოვანი ფასეულობა, იმისთვის, რომ რეალურად შევძლოთ, ვიქცეთ ევროპის ნაწილად. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. რასაკვირველია, არ არის სასიამოვნო, როდესაც ჩვენ გვიწევს იმ ღონისძიებების განხორციელება და ჩატარება ისეთ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა პოლიტიკური მდგენელიც ამ მოცემულობისა. მიუხედავად ამისა, სამართალზე ბატონობის შესაძლებლობა არავის უნდა ჰქონდეს. აი, ზუსტად ეს განასხვავებს დღევანდელ ვითარებას ამ შემთხვევაში ბევრი სხვა პარალელგავლებული ასე ვთქვათ, ქმედებებისგა. ერთი მხრივ, ვხედავთ ხელისუფლების მიერ სამართლის უზენაესობის ღირებულების სამსახურს და მეორე მხრივ, მცდელობებს პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან, რომ სამართალზე ბატონობდეს მათი სუბიექტური პოლიტიკური აღქმები“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.