მიხეილ სარჯველაძე - ვფიქრობ, ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს უმრავლესობის მხარდაჭერის მიღება გაუჭირდებათ
მიხეილ სარჯველაძე - ვფიქრობ, ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს უმრავლესობის მხარდაჭერის მიღება გაუჭირდებათ

ვფიქრობ, ვითარება არის საკმაოდ ბუნდოვანი და სამწუხაროდ განცხადება, რომელიც ამის ასახსნელად პრეზიდენტმა გააკეთა, აბსოლუტურად არავითარი ნათელის შემტანი არ იქნება ამ ვითარებაში, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტი არ საუბრობს, რომ გიორგი კალანდარიშვილზე უკეთესები არიან წარდგენილი კანდიდატები.

„აბსოლუტურად არალოგიკური და არადამაჯერებელია არგუმენტად იმის მოყვანა, რაკი ორჯერ ვერ აირჩა კვალიფიციური უმრავლესობით, აქედან გამომდინარე, სხვა გადაწყვეტილება უფრო სწორი იქნებაო, მით უმეტეს, პრეზიდენტი არ საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ კალანდარიშვილზე უკეთესები არიან კანდიდატები, რომლებიც წარმოდგენილნი არიან. როგორც ჩანს, პრეზიდენტს უნდოდა ისეთი გადაწყვეტილება ეპოვა, რომლის გულისთვისაც ის თავიდან აირიდებდა ოპოზიციის შესაძლო კრიტიკას, თუმცა როგორც დაინახა, ოპოზიციის კრიტიკას მაინც ვერ დაუსხლტა. ამ შემთხვევაში, ალბათ უნდა გაითვალისწინოს სამომავლოდ გადაწყვეტილებების მიღებისას და ფსონი უნდა გააკეთოს სწორ გადაწყვეტილებებზე და არა ისეთზე, რომელიც შეიძლება ამ თვალსაზრისით პოლიტიკური მერკანტილიზმის ნიშნებს შეიცავდეს, რომ არ გააღიზიანოს ოპოზიცია. ეს არ არის სწორი მიდგომა, აბსოლუტურად არ არის დამაჯერებელი გადაწყვეტილება და ახსნილი. განხილვების პროცესში ვნახოთ, როგორ იქნება წარმოჩენილი ვითარება, თუმცა ჩემი წინასწარი განწყობა ამასთან დაკავშირებით, მით უმეტეს იმ ფონზე, რა ვითარებაც არის ამ საკითხების ირგვლივ, რა ინსინუაციებიც არის, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში გაუჭირდებათ უმრავლესობის მხარდაჭერის მიღება წარმოდგენილ კანდიდატებს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა.