მიხეილ სარჯველაძე - ვეტოს დადებით პრეზიდენტმა დაადასტურა იმ რადიკალური გეგმების მხარდაჭერა, რომლის რისკის აღკვეთის მიზანს ისახავდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტი
მიხეილ სარჯველაძე - ვეტოს დადებით პრეზიდენტმა დაადასტურა იმ რადიკალური გეგმების მხარდაჭერა, რომლის რისკის აღკვეთის მიზანს ისახავდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტი

კანონპროექტზე ვეტოს დადებით პრეზიდენტმა პრაქტიკულად განაცხადა, რომ მხარს უჭერს ისეთი კონსტრუქციების მოწყობას მანიფესტაციების დროს, რომელიც სხვა ადამიანის უფლებებს უქმნის საფრთხეს, მან დაადასტურა იმ რადიკალური გეგმების მხარდაჭერა, რომლის რისკის აღკვეთის მიზანს ისახავდა საკანონმდებლო ინიციატივა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა პრეზიდენტის მიერ „შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე ვეტოს დადება.

„ვეტოს დადებით მოულოდნელი არაფერი მომხდარა. ჰქონდათ სურვილი, რომ მიებათ არასწორი კუდები ამ კანონპროექტზე და რაღაცნაირად ახალი იარლიყის მიკვრის მიზანი იყო და ამას რა საკვირველია, მხარს აუბამდა პრეზიდენტი. თქვა კიდევაც და ამაში რაიმე მოულოდნელობა არ დამინახავს. უბრალოდ ეს კი არის საინტერესო, რომ იმპიჩმენტის საკითხზე პარლამენტში მოსვლამდე ერთი დღით ადრე რომ გააკეთა ეს ყველაფერი. ალბათ, უბრალოდ არ დაიტოვა ამ თვალსაზრისით სალაპარაკო. ეს იყო მისი განზრახვა, მაგრამ რაც შეეხება შინაარს ვეტოსთან დაკავშირებით, ვეტოს დადებით პრაქტიკულად პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს ისეთ კონსტრუქციების მოწყობას მანიფესტაციების დროს, რომელიც სხვა ადამიანის უფლებას უქმნის საფრთხეს, რომელიც ბლოკირებას ახდენს მაგალითად საწარმოების და ორგანიზაციების. ამით მან დაადასტურა მხარდაჭერა იმ რადიკალური გეგმებისთვის, რომლის რისკის აღკვეთის მიზანს ისახავდა ამ შემთხვევაში ეს საკანონმდებლო ინიციატივა. მოტივაცია, რომელიც არის წარმოდგენილი, როგორც ჩანს ის ემთხვევა ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი არასწორი მსჯელობის შინაარს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მისი თქმით, ვეტო დაძლეული უნდა იყოს საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოების მოტივებიდან გამომდინარე.

„პრეზიდენტს უნდა ეთქვა, რომ მაგალითად უფრო განჭვრეტადი რომ გახდეს კანონი, განსხვავებულ ფორმულირებას გთავაზობთ. მას ეს არ გაუკეთებია, მან თქვა, რომ უბრალოდ ამ თვალსაზრისით ცვლილება არ შეიტანოთ კანონში და დარჩეს რისკები, რომლებიც დაკავშირებულია მაგალითად სხვა ადამიანებისთვის საფრთხის შემცველი კონსტრუქციების მოწყობის რისკთან. ეს არ არის არც გონივრული, არც სამართლებრივად ვარგისიანი არგუმენტი. შესაბამისად, ვეტო ობიექტურად მოითხოვს, რომ დაძლეული იყოს, მათ შორის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოების მოტივებიდან გამომდინარე”,  -განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს.