მიხეილ სარჯველაძე - ველით, რომ საქართველოს ევროპულ სტრუქტურებთან შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებით ახალი პერსპექტივები გაჩნდება
მიხეილ სარჯველაძე - ველით, რომ საქართველოს ევროპულ სტრუქტურებთან შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებით ახალი პერსპექტივები გაჩნდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტი მნიშვნელოვანია. სარჯველაძე იმედოვნებს, რომ საქართველოს ევროპულ სტრუქტურებთან შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებით ახალი პერსპექტივები გაჩნდება.

ამასთან, როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ვიზიტი დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი.

„ეს ვიზიტი საკმაოდ დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი. ასეთი მაღალი რანგის თანამდებობის პირის ვიზიტი საქართველოში, იმ დროს, როდესაც ჩვენ ვართ ევროკავშირთან ასოცირებული სახელმწიფო, მნიშვნელოვანია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი კომუნიკაცია და შესაძლებლობა ევროპულ სტრუქტურებთან შემდგომი თანამშრომლობის. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი საეტაპო მნიშვნელობის ვიზიტი გახლავთ. დიდი იმედია იმის, რომ მომდევნო ჰორიზონტებსაც გამოაჩენს ჩვენი შემდგომი თანამშრომლობისთვის.

კრიზისის პერიოდს, როგორც ამას ოპოზიცია უწოდებს, დაემთხვა ამ მაღალი თანამდებობის პირის ვიზიტი. გასაგებია, რომ ოპოზიცია გარკვეულ ინტერპრეტაციებს აკეთებს. თუმცა ამის საფუძველი არ აქვს, ვინაიდან ეს საკმაოდ დიდი ხნით ადრე დაგეგმილი ვიზიტია და არ მგონია, ინტერპრეტაციების საფუძველი გაჩნდეს. ოპოზიციისთვის ყველაზე მწვავე საკითხი შეიძლება იყოს, რომ რამენაირად არგუმენტების არ ქონის პირობებში სადმე რამე შეძლონ. მაგრამ ოპოზიცია ამ თემებზე ისაუბრებს, ჩვენ ვისაუბრებთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მომავალ პერსპექტივებზე.

ველით, რომ ახალი პერსპექტივები გაჩნდება საქართველოს ევროპულ სტრუქტურებთან შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებით. ეს მთავარი საკითხია, რომელსაც მთლიანად ეთმობა ვიზიტი და რომელთან დაკავშირებითაც შეხვედრები იმართება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს გუშინ ეწვია. შარლ მიშელმა ოფიციალური შეხვედრები დღეს დილიდან დაიწყო.