მიხეილ სარჯველაძე, თურქმენეთის ელჩთან ერთად, ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში იმყოფებოდა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დოვლეტმირატ სეიტმამედოვთან ერთად, ი. ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში იმყოფებოდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სარჯველაძე და სეიტმამედოვი დაწესებულების სამეცნიერო სამუშაოებს გაეცნენ და კვლევითი ლაბორატორია დაათვალიერეს.
„მხარეებმა ორი ქვეყნის პროფილურ დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებიც განიხილეს. ასევე ისაუბრეს სამეცნიერო პერსონალის ურთიერთგაცვლის შესახებ.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველო მზადაა, თურქმენეთთან ფარმაკოქიმიისა და, ზოგადად, მედიცინის მიმართულებით ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, რასაც ხელს შეუწყობს მსგავსი ვიზიტები.
ი.ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში ასევე იმყოფებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ირაკლი ნატროშვილი, უნივერსიტეტისა და ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის წარმომადგენლები“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.