მიხეილ სარჯველაძე თურქეთის ელჩს, ალი ქაან ორბაინს შეხვდა
მიხეილ სარჯველაძე თურქეთის ელჩს, ალი ქაან ორბაინს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი ქაან ორბაინს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის ჯანდაცვის უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობა. აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს მეგობარი და საიმედო პარტნიორია.

„მხარეებმა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის განვითარების პერსპექტივები და ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგია განიხილეს, რომელიც ადგენს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის განვითარების მკაფიო გეზს 2030 წლამდე და განსაზღვრავს მისი განხორციელებისთვის საჭირო სტრატეგიულ მიმართულებებს.

ყურადღება გამახვილდა მოსახლეობისთვის მაღალხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით სახელმწიფოს მიერ უკვე გატარებულ და მიმდინარე რეფორმებსა და ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების თურქეთში მკურნალობის პროგრამაზე. პროგრამა თითოეულ ბენეფიციარს თანაბარ შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს მაღალტექნოლოგიური, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება, რომელიც მოიცავს დიაგნოსტიკასა და მკურნალობის კურსს. ბენეფიციარებს მკურნალობის მიღება თურქეთის ოთხ წამყვან კლინიკაში შეუძლიათ.

ელჩმა ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესები დადებითად შეაფასა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. თავის მხრივ, მიხეილ სარჯველაძემ დიპლომატს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.