მიხეილ სარჯველაძე - თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნით, კულტურის სფეროს დიდი პერსპექტივა გაუჩნდება
მიხეილ სარჯველაძე - თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნით, კულტურის სფეროს დიდი პერსპექტივა გაუჩნდება

კანონპროექტები, რომლებიც უკავშირდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფას და შესაბამისად, კულტურის სამინისტროს შექმნას, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იქნება განხილული, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

ამასთან, რაც შეეხება საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილის, თეა წულუკიანის კულტურის მინისტრის თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნის საკითხს,​ სარჯველაძის განცხადებით, კულტურის სფეროს საქართველოში დიდი პერსპექტივა გაუჩნდება.

„ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ნამდვილად დიდი პერსპექტივა გაუჩნდება კულტურას საქართველოში, რადგან ვთვლი, რომ ის არის საუკეთესო კანდიდატი, რომელსაც შეუძლია, ნებისმიერ სფეროში ძალიან დიდი წარმატება განაპირობოს“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, მაია მენაღარიშვილის განცხადებით, როგორც მას აქვს ინფორმაცია, თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნა იგეგმება.

ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ნდობის გამოცხადების საკითხზე გამართული პარლამენტის სხდომისას გასული წლის 24 დეკემბერს განაცხადა, რომ კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფის საკითხზე ბევრი იმსჯელეს და გადაწყვეტილება მიღებულია. როგორც პრემიერმა აღნიშნა, პროცესი დამოკიდებულია სამართლებრივ პროცედურებზე. გახარიას თქმით, ის ფიქრობს, რომ ეს პროცესი თებერვლის თვეს არ გადასცდება.