მიხეილ სარჯველაძე, თავდაცვის მინისტრთან, ირაკლი ჩიქოვანთან ერთად, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
მიხეილ სარჯველაძე, თავდაცვის მინისტრთან, ირაკლი ჩიქოვანთან ერთად, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და სამედიცინო დაწესებულების მუშაობის შედეგები მოისმინა. ჯანდაცვის მინისტრმა კლინიკის თანამშრომლებს შესრულებული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და განსაკუთრებული ყურადღება რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს შესაძლებლობებზე გაამახვილა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო უახლესი Signa Hero-ს მოდელის MRI-ს დიაგნოსტიკური აპარატით აღიჭურვა, რომელიც პაციენტებს შესაძლებლობას აძლევს, ისარგებლონ მაგნიტო-რეზონანსული ღრმა კვლევებით ადგილზე, რეგიონიდან გაუსვლელად, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჯანდაცვის სერვისების უწყვეტობისა და ხელმისაწვდომობისთვის. კლინიკაში მოქმედებს რეგიონის ყველაზე მძლავრი ქიმიოთერაპიის ცენტრი.
ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, კლინიკა რეგიონის მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანეს სამედიცინო ცენტრს წარმოადგენს, რომელიც მოქალაქეებს ხარისხიან და თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ სერვისებს სთავაზობს. მისივე თქმით, ჰოსპიტალმა არა მხოლოდ გააფართოვა საკუთარი შესაძლებლობები, არამედ ჩადო ინვესტიციები, რომლებმაც რეგიონში სამედიცინო მომსახურების ხარისხი სრულად შეცვალა.
ღონისძიებაზე ასევე აღინიშნა, რომ რუხის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ წარმატებით გაიარა საერთაშორისო აკრედიტაცია, რაც კლინიკაში სერვისების ხარისხისა და უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს.
რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, ასევე კომიტეტის სხვა დეპუტატები, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ირაკლი ნატროშვილი, ჰოლდინგის დირექტორი მალხაზ ჟორჟიკაშვილი,ადგილობრივი ხელისუფლების წევრები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.