მიხეილ სარჯველაძე - „სტრატეგია აღმაშენებლის“ ქცევა სპორტსმენის ჭინჭყლობას ჰგავს, როცა ცდილობ, დაშვებული შეცდომა სხვას დააბრალო
მიხეილ სარჯველაძე - „სტრატეგია აღმაშენებლის“ ქცევა სპორტსმენის ჭინჭყლობას ჰგავს, როცა ცდილობ, დაშვებული შეცდომა სხვას დააბრალო

„სტრატეგია აღმაშენებელს“ კრიტიკის მიზეზი არ აქვს. მგონია, რომ მას შემდეგ, რაც ამ პარტიამ შეცდომა დაუშვა და ზურგი აქცია ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ უზარმაზარი შეცდომა დაუშვა და ვაჟკაცობა არ ეყო, საკუთარი შეცდომა ეღიარებინა.

„ნურავის ეწყინება, მაგრამ „სტრატეგია აღმაშენებელმა“ უზარმაზარი შეცდომა დაუშვა და შემდეგ იმის ვაჟკაცობა არ ეყო, რომ საკუთარი შეცდომა ეღიარებინათ. მათგან აღიარებასაც არავინ ითხოვდა, უბრალოდ, მათ ნაბიჯი უნდა გადაედგათ კალაპოტში ჩაჯდომისთვის, თორემ, ამ პროცესს არაფერი დაეწუნება. „სტრატეგია აღმაშენებელს“ კრიტიკის მიზეზი არ აქვს. მგონია, რომ მას შემდეგ, რაც ამ პარტიამ შეცდომა დაუშვა და ზურგი აქცია ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა და სამწუხაროდ, ძალა არ ეყოთ, რომ კალაპოტში ჩამჯდარიყვნენ და თამაშის სამართლიან წესებს დამორჩილებოდნენ. დაახლოებით ეს ყველაფერი ჰგავს სპორტსმენის ჭინჭყლობას, როცა ის ცდილობს, მის მიერ დაშვებული შეცდომა სხვას დააბრალოს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ ვინც დაეხმარება, მისთვის სასურველი ომბუდსმენის კანდიდატი გაიყვანოს, ის აღარ იქნება ოპოზიცია.