მიხეილ სარჯველაძე - სტიქიის ზონაში მთავარი ამოცანა უკავშირდება ადამიანების უსაფრთხოებას, რომლებიც იმყოფებიან იმ ადგილებში, სადაც შეიძლება, იყოს რისკი, მოსახლეობა უნდა დაემორჩილოს რეკომენდაციებს
მიხეილ სარჯველაძე - სტიქიის ზონაში მთავარი ამოცანა უკავშირდება ადამიანების უსაფრთხოებას, რომლებიც იმყოფებიან იმ ადგილებში, სადაც შეიძლება, იყოს რისკი, მოსახლეობა უნდა დაემორჩილოს რეკომენდაციებს

გურიაში, სტიქიის ზონაში ზარალი უზარმაზარია, თუმცა ვიდრე ამაზე ვისაუბრებთ, მთავარი ამოცანა უკავშირდება ადამიანების უსაფრთხოებას, რომლებიც ახლა იმყოფებიან იმ ადგილებში, სადაც შეიძლება, არსებობდეს გარკვეული რისკები, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ გურიაში განაცხადა, სადაც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

უმრავლესობის წევრმა სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

სარჯველაძემ მოსახლეობას მოუწოდა, გაითვალისწინონ ადგილობრივი ხელისუფლების რეკომენდაციები.

„პირველ რიგში, ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახებს. ზარალი უზარმაზარია, თუმცა ვიდრე ამაზე ვისაუბრებთ, უმნიშვნელოვანესია და მთავარი ამოცანა უკავშირდება ადამიანების უსაფრთხოებას, რომლებიც ახლა იმყოფებიან იმ ადგილებში, სადაც შეიძლება არსებობდეს გარკვეული რისკები. სადაც ჰიპოთეტურად არსებობს რისკები, ეს ერთ-ერთი მთავარი სამუშაო მიმართულებაა. ვმუშაობთ შტაბში ამ საკითხებზე, სად შეიძლება, იყოს საფრთხეები და როგორ შეიძლება, დავეხმაროთ მოსახლეობას და უზრუნველვყოთ მათი უსაფრთხოება. ასევე, ამოცანა ყველა სახიფათო კერის იდენტიფიცირებაა, მით უმეტეს, ვხედავთ, რომ წვიმიანი ამინდი ნარჩუნდება. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ ამას სჭირდება ყურადღება და დაკვირვება. ამის მიხედვით ხდება მოქალაქეებთან კომუნიკაცია და მათთვის შეთავაზების გაკეთება, რომ გადმოყვანილი იყვნენ მათი საცხოვრებლიდან უსაფრთხო ადგილას. ზოგი დროებით, ზოგი, შეიძლება, თუ დაზიანდა იმ დონეზე მათი სახლი რომ ვერ აღდგება, ეს კიდევ სხვა პრობლემას განაპირობებს. ეს არის მთავარი ამოცანები. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ზოგიერთ შემთხვევაში კარგად არ არის გაცნობიერებული რისკები. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ საჭიროა დროული რეაგირება და დაემორჩილონ რეკომენდაციებს“, – განაცხადა სარჯველაძემ.