მიხეილ სარჯველაძე - სიმბოლური მხარდაჭერა უკრაინას არაფერში დაეხმარება, მაგრამ აქ გააჩენს კონკრეტულ მილიტარისტულ საფრთხეებს
მიხეილ სარჯველაძე - სიმბოლური მხარდაჭერა უკრაინას არაფერში დაეხმარება, მაგრამ აქ გააჩენს კონკრეტულ მილიტარისტულ საფრთხეებს

საქმე როდესაც მიდგება სიმბოლურ მხარდაჭერაზე, უკრაინას ეს არაფერში დაეხმარება, მაგრამ აქ გააჩენს კონკრეტულ მილიტარისტულ საფრთხეებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ უკრაინის რადას წევრის, ალექსეი გონჩარენკოს განცხადების შეფასებისას განაცხადა.

სარჯველაძეს კითხვა დაუსვეს გონჩარენკოს განცხადებაზე, სადაც ის საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უკრაინისთვის სიმბოლურ დახმარებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველოს არ გამოუგზავნია არცერთი ტყვია, არცერთი დანა.

სარჯველაძის თქმით, მათთვის ცნობილია და გასაგებია პოზიცია, რატომ ვერ მისცემს საქართველო თავს უფლებას, დღეს საომარ მოქმედებებში ჩაერთოს.

„ჩვენ ვამბობდით და ვხსნიდით, რომ უკრაინისთვის ჩვენი შესაძლებლობების გათვალისწინებით სამხედრო მხარდაჭერას არავითარი პრაქტიკული დანიშნულება არ აქვს. საქმე როდესაც სიმბოლურ მხარდაჭერაზე მიდგება, აქ ლოგიკური შესაძლო მიზანი, რა შეიძლება იყოს, უკრაინას ეს არაფერში დაეხმარება, მაგრამ აქ გააჩენს კონკრეტულ მილიტარისტულ საფრთხეებს. ამ საფრთხეებზე ვსაუბრობდით თავის დროზე, რაზეც ოპონენტები გვეკამათებოდნენ. უკრაინისთვის როდესაც ეს არავითარი შეღავათი არ იქნება, საქართველოში ომის გაჩაღების რისკების გაზრდა რამდენად პრაგმატულად ან თუნდაც ემოციურად გამართლებულია. ვშიშობ და, ჩემდა სამწუხაროდ, ყველაზე დამაჯერებლად მეჩვენება ის ვერსია, რომელზეც ერთმა უკრაინელმა მაღალი თანამდებობის პირმა ხმამაღლა ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოშიც თუ დაიხოცებოდნენ ქალები და ბავშვები, ეს გაგვიადვილებდა საქმეს უკრაინაშიო. სამწუხაროდ, ვაითუ ეს იყოს მიზეზი. ვწუხვარ, თუ ასეა, ძალიან მინდა, რომ ეს ასე არ იყოს, მაგრამ ყველაზე დამაჯერებლად, სამწუხაროდ, ასეთი ვერსიები გამოიყურება, როდესაც უკრაინის მაღალი თანამდებობის პირების ცალკეულ განცხადებებს ვაფასებთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.