მიხეილ სარჯველაძე - შიმშილობის შეწყვეტა კარგი ამბავია, იმის გათვალისწინებით, რომ ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების რისკი ისპობა, თუმცა ულტიმატუმებით საუბარი გასაკვირია
მიხეილ სარჯველაძე - შიმშილობის შეწყვეტა კარგი ამბავია, იმის გათვალისწინებით, რომ ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების რისკი ისპობა, თუმცა ულტიმატუმებით საუბარი გასაკვირია

შიმშილობის შეწყვეტა კარგი ამბავია, იმის გათვალისწინებით, რომ ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების რისკი ისპობა, თუმცა გასაკვირია ასეთი ულტიმატუმებით საუბარი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, უკვე გასაკვირია ასეთი მონდომება მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადასვლასთან დაკავშირებით.

„პირველ რიგში, სათქმელია, რომ შიმშილობის შეწყვეტა ეს კარგი ამბავია, რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების რისკი ამით ისპობა, ეს ძალიან კარგი ამბავია. მართლაც გასაკვირია ასეთი ულტიმატუმებით საუბარი, კი სტრასბურგის სასამართლოს თითქოს ეთანხმება, მაგრამ იქვე დამატებით პირობებს აყენებს, ეს მე მგონი, მაინც და მაინც თანმიმდევრული არ არის ერთმანეთთან. რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, გადაყვანა უნდა მოხდეს თუ არა, ეს ვფიქრობ, დამოკიდებული უნდა იყოს არა ამ ულტიმატუმზე და პირობის წამოყენებაზე, არამედ კონკრეტული საჭიროებები რაც ექიმების მხრიდან იქნება დანახული და არა იურისტების მხრიდან, ამის მიხედვით უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. ვფიქრობ, შესაბამისად ახლა პენიტენციური სამსახური უნდა დაინტერესდეს სწორედ ამ კონკრეტული საკითხის შეფასებით, რომ შიმშილის შეწყვეტის შემთხვევაში რამდენად შეძლებს მისი სამედიცინო საჭირო სერვისით უზრუნველყოფას, თუ ის შეძლებს ასეთ შემთხვევაში ამის გათვალისწინებით უნდა იყოს გადაწყვეტილი. ვფიქრობ, ეს აბსოლუტურად ლოგიკური იქნება პენიტენციური სამსახურის მხრიდან, სხვა მხრივ კი, ულტიმატუმის ამგვარად წამოყენება ვფიქრობ, საერთოდ ალოგიკურია ბევრი მიზეზის გამო“, – განაცხადა სარჯველაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება დღეს მიიღო, გადაწყვეტილების შესრულებისთვის კი გარკვეული პირობები დააყენა.