მიხეილ სარჯველაძე - საზოგადოებას არ მიუღია ახსნა, რამდენად ნორმალურია ანაზღაურების მოცულობა, რომელსაც იღებს ხოშტარიას ოჯახი, განმარტების გაკეთების ვალდებულება ნამდვილად არსებობს
მიხეილ სარჯველაძე - საზოგადოებას არ მიუღია ახსნა, რამდენად ნორმალურია ანაზღაურების მოცულობა, რომელსაც იღებს ხოშტარიას ოჯახი, განმარტების გაკეთების ვალდებულება ნამდვილად არსებობს

დღის წესრიგში დგას დიდი კითხვის ნიშანი, რომელიც ჩნდება, მათ შორის, ეთიკური და პოლიტიკურ-ეთიკური თვალსაზრისით, რომ შეფასდეს ელენე ხოშტარიას დამოკიდებულებები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. სარჯველაძეს კითხვა დაუსვეს მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, „ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2.5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა“.

სარჯველაძის თქმით, „ხოშტარია რითიც გვამახსოვრებს თავს, ეს არის შეურიგებელი ანტირუსული პათოსი, აგრესიული დამოკიდებულებების დემონსტრირება და მოწოდება საქართველოსთვის, რომ ისინი იყვნენ შეურიგებლები, კატეგორიული და აგრესიული დამოკიდებულების მქონენი მთლიანად ყოველგვარი რუსულის მიმართ“.

„ასეთ დროს ასეთი დაფინანსების მიღება ოჯახის წევრების მხრიდან კითხვის ნიშნებს აჩენს იმასთან დაკავშირებით, რამდენად სწორია ეს ეთიკური თვალსაზრისით. ბუნებრივია, ეს აჩენს პოლიტიკოსის ვალდებულებას, რომ ამ ყველაფერთან დაკავშირებით გააკეთოს ზუსტი, მკაფიო და არა ორაზროვანი განმარტებები იმის შესახებ, მისთვის და მისი ოჯახისთვის როგორ არის დასაშვები რაღაც, რაც, სავარაუდოდ, მისი მხრიდან არ იქნებოდა მოწონებული, სხვა ადამიანს იგივე რომ გაეკეთებინა.

საზოგადოებას ამ დრომდე არ მიუღია ახსნა, რამდენად ნორმალურია ანაზღაურების ის მოცულობა, რომელსაც იღებს ხოშტარიას ოჯახი. ამაზე განმარტების გაკეთების ვალდებულება ნამდვილად არსებობს. მეორე მხრივ, ასე უპრობლემოდ, ასეთი მოცულობის თანხა, რასაკვირველია, შეიძლება, ბადებდეს კითხვის ნიშნებს. ბუნებრივია, ეს აბსოლუტურად ლეგიტიმურია, როდესაც საქმე ეხება ადამიანს, რომელიც გამოირჩევა ყველაფერი რუსულის მიმართ არამცთუ უბრალოდ ანტაგონიზმით, არამედ აგრესიული მოთხოვნით, რომ ყველას იგივე დამოკიდებულება ჰქონდეს.

გახსოვთ განცხადებები ტურისტებთან დაკავშირებით, რომელიც მხოლოდ მას შემდეგ შეიცვალა, რაც ელენე ხოშტარია ხელისუფლებაში აღარ იმყოფება. ასეთ დროს ორმაგი სტანდარტების არსებობა-არარასებობასთან და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით სრულიად ლეგიტიმურად, მართებულად და ლოგიკურად დაისმება კითხვის ნიშნები“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.