მიხეილ სარჯველაძე - საზოგადოებაც გაკვირვებულია, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ფარცხალაძეს მოქალაქეობას შეუწყვეტდა, მოგვიანებით, შეცვალა პოზიცია, ეს უცნაურად გამოიყურება
მიხეილ სარჯველაძე - საზოგადოებაც გაკვირვებულია, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ფარცხალაძეს მოქალაქეობას შეუწყვეტდა, მოგვიანებით, შეცვალა პოზიცია, ეს უცნაურად გამოიყურება

საზოგადოებაც გაკვირვებულია, რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება და მოუწოდა იუსტიციის სამინისტროს, მისთვის წარედგინა ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნა და ის დაუყოვნებლივ შეწყვეტდა მოქალაქეობას. მოგვიანებით, როდესაც იუსტიციის სამინისტრომ ეს გააკეთა, პრეზიდენტმა აბსოლუტურად აუხსნელი გადაწყვეტილება მიიღო და შეცვალა თავისი პოზიცია, ეს უცნაურად გამოიყურება, – ამის შესახებ ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება უცნაურია.

„ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას კითხვის ნიშნები უჩნდება. ალბათ ეს არის ზუსტად განსამარტი იმის მიღმა, რომ ამ შემთხვევაში ასეთ ტიპის მოთხოვნები არ არის თავსებადი კანონმდებლობასთან. უფრო მეტად საინტერესოა პოზიციის ცვლილების მიზეზი. პირადად მე მგონია, რომ თავდაპირველად როდესაც ოპოზიციამ ეს ტაქტიკა აირჩია, ხელისუფლებისთვის ბრალდება წაეყენებინა იმასთან დაკავშირებით, თითქოსდა ვინმე აპირებდა რაღაც განსხვავებულად ქცევას, გახსოვთ, რა აჟიოტაჟი ატეხეს. გათვლა ჰქონდათ, ვითომ ხელისუფლება არ მიიღებდა ისეთ გადაწყვეტილებას, როგორიც მან მიიღო. შესაბამისად, მოგვიანებით, როდესაც მთელი ეს ნათქვამები აღმოჩნდა საზოგადოებისთვის მიწოდებული ტყუილი, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა როგორც ოპოზიცია, ისე პრეზიდენტი და პოზიციის ცვლილება მოუწიათ. ეს პოზიციის ცვლილება ალბათ ახსნილი უნდა იყოს იმით, რომ კიდევ ცდილობენ, მორიგი ბრალდებებისთვის ახალი შეთითხნილი მიზეზები მოამზადონ. სხვა ახსნას და მიზეზს, დასაბუთებას ვერავინ მოუძებნის, რადგან სისხლის სამართლებრივი რაიმე პროცედურის გამოსაძიებელი და ბრალის დასადები თუ არსებობს, არავითარი ცვლილება არ შეიძლება, არსებობდეს, მოქალაქეობა შეუწყდება თუ არ შეუწყდება. მოქალაქეობის შეწყვეტა ძალიან მარტივად გადაწყვეტილია მოქმედი კანონმდებლობით, რომელსაც, სამწუხაროდ, ჩვენი პრეზიდენტი არაფრად დაგიდევთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია: „სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, პრეზიდენტს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია“.