მიხეილ სარჯველაძე - სანქციებზე დისკუსია რამდენჯარაც არ უნდა გავხსნათ, სამწუხაროდ, არ გვაქვს ისეთი ეფექტიანი მექანიზმები, რომ მეტი უხერხულობა შეექმნას რუსეთს, ვიდრე საქართველოს
მიხეილ სარჯველაძე - სანქციებზე დისკუსია რამდენჯარაც არ უნდა გავხსნათ, სამწუხაროდ, არ გვაქვს ისეთი ეფექტიანი მექანიზმები, რომ მეტი უხერხულობა შეექმნას რუსეთს, ვიდრე საქართველოს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი კარგი შესაძლებლობა იყო, რომ საქართველო-უკრაინას შორის ურთიერთობები მოწესრიგდეს.

მისივე თქმით, აშკარად იგრძნობა, რომ ამ კუთხით დადებითი ტენდენციაა.

„უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი რამდენიმე თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი, პოზიტიური. ეს იყო მნიშვნელოვანი აქტივობა და მოძმე ერისთვის სოლიდარობის გამოხატვა. მეორე მხრივ, ერთიანობის მომენტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ყველაზე დესტრუქციულმა ძალამ მასში მონაწილეობა არ მიიღო. კარგი შესაძლებლობა იყო ნაბიჯები გადადგმულიყო ქვეყნებს შორის არსებული პრობლემების მოსაწესრიგებლად და აშკარად იგრძნობა, რომ დადებითი ტენდენციაა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ სანქციების ნაწილზე საუბრისას აღნიშნა, საქართველოს არ აქვს ისეთი ეფექტიანი ეკონომიკური მექანიზმები, რომ რუსეთს სანქციები დაუწესოს.

„რაც შეეხება ინიციატივას რუსული საინფორმაციო არხების შეზღუდვაზე, მომავალი გვაჩვენებს, რაზე შეიძლება მუშაობის გაგრძელება და რაზე იქნება სხვა ფორმები მოსანახი. სანქციების ნაწილში კი გეტყვით, რომ საქართველოში გარკვეული ძალები ცდილობდნენ, შთაბეჭდილება შეექმნათ, თითქოს საქართველო რაიმე ფორმით გეგმავს, გვერდის ავლის საშუალებები გააჩინოს ჩვენს ტერიტორიებზე. ეს სინამდვილეს არ შეესაბამება და კითხვებიც არ არსებობს. საკითხი, როგორ შეიძლება, საქართველომ რუსეთს სანქციები დაუწესოს, რამდენჯერაც არ უნდა გავხსნათ ამაზე დისკუსია, საუბედუროდ, საქართველოს ისეთი ეფექტიანი ეკონომიკური მექანიზმები არ აქვს, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელი იქნება ისეთი ვითარების შექმნა, რაც უფრო უხერხულობას შეუქმნის რუსეთს, ვიდრე საქართველოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.