მიხეილ სარჯველაძე - სამწუხაროდ, პრეზიდენტი გადართულია იმ არხზე, სადაც მაინცდამაინც ქვეყნისთვის ხელსაყრელი პროპაგანდა არ მიმდინარეობს
მიხეილ სარჯველაძე - სამწუხაროდ, პრეზიდენტი გადართულია იმ არხზე, სადაც მაინცდამაინც ქვეყნისთვის ხელსაყრელი პროპაგანდა არ მიმდინარეობს

სამწუხაროდ, პრეზიდენტი გადართულია იმ არხზე, სადაც მაინცდამაინც ქვეყნისთვის ხელსაყრელი პროპაგანდა არ მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, სამწუხაროდ, პრეზიდენტი თავის რიტორიკას ასე აგრძელებს და ცდილობს, ხელი შეუწყოს იმ რიტორიკის განვითარებას, რომლის მიხედვითაც, მაინცდამაინც დიდი პერსპექტივა არ უნდა გვქონდეს ევროპული მიმართულებით.

„ეს ქვეყნის რეპუტაციისთვის დამაზიანებელია. არ ვიცი, სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო მოქმედება კანდიდატის სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით რამდენად შეიძლება, თავსებადი იყოს. საზოგადოებას ამ საკითხზე დასკვნები უკვე გამოტანილი აქვს და ამაში ეჭვი არავის ეპარება. სამწუხაროდ, პრეზიდენტმა ოპოზიციის ტაქტიკა უპირობოდ და უაპელაციოდ გაიზიარა, რაც იმას გულისხმობს, რომ ხელი შეეშალათ სტატუსის მოსაპოვებლად, ეს შემდეგ ხელისუფლების წინაღმდეგ კრიტიკის მიზეზი გამხდარიყო და ამით პოლიტიკური ქულები დაეწერათ. ეს იყო მათი მთავარი ამოცანა და სტრატეგია, რაც ჰქონდათ“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, სტატუსის მიმართ პოზიტიური მოლოდინი უნდა გვქონდეს, რადგან, შარშანდელთან შედარებით, წელს ევროპაში უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვისაც კი მნიშვნელოვანია გაფართოება, მათ შორის საქართველოსა და ამიერკავკასიაში.

„ეს მნიშვნელოვანია, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო აღიქმება სახელმწიფოდ, რომელსაც შეუძლია ევროპულ განვითარებაში სერიოზული კონტრიბუციის ქონა. რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიციას ის გეგმა აშკარად ჩაუფლავდა, რითიც ცდილობდნენ, რამენაირად ქვეყნის რეპუტაცია დაეკნინებინათ და ხელი შეეშალათ სტატუსის მოპოვებისთვის. ამას დაუფარავად ამჟღავდნებდნენ. ძალიან მძიმეა ის პასუხისმგებლობა, რაც დაკავშირებულია ასეთ ქმედებებთან – ქვეყნის ძირის გამოთხრასთან, რეპუტაციულ დაზიანებასთან. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ოპოზიციის ბინძური ჩანაფიქრია, რაც ქვეყნისთვის დამაზიანებელია. აქედან გამომდინარე, ყველას არ ენდომება, იმ პასუხისმგებლობის თანაზიარი იყოს, რაც დაკავშირებული იქნება ქვეყნისთვის ასეთი მავნებლური საქმიანობისთვის. მგონია, რომ ბულინგისგან თავის დაცვის კარგი საშუალება იქნება, სამნიძე და დეკანოიძე გამოვიდნენ და ისაუბრონ, ამ საკითხებზე რა ინფორმაციას ფლობენ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.