მიხეილ სარჯველაძე - სამოქალაქო საზოგადოების როლია მიუკერძოებლობა, დასანანი იქნება, თუ ორგანიზაციები ფსევდოსოლიდარობის მოტივით, სახალხო დამცველის შესარჩევ ჯგუფში არ ჩაერთვებიან
მიხეილ სარჯველაძე - სამოქალაქო საზოგადოების როლია მიუკერძოებლობა, დასანანი იქნება, თუ ორგანიზაციები ფსევდოსოლიდარობის მოტივით, სახალხო დამცველის შესარჩევ ჯგუფში არ ჩაერთვებიან

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ სახალხო დამცველის კანდიდატის შესარჩევ სამუშაო ჯგუფში ჩართული არასამთავრობო  ორგანიზაცია პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს.

მისივე თქმით, სურთ, რომ სამუშაო ჯგუფი პოლიტიკურად მიუკერძოებელი იყოს.

ამასთან, როგორც სარჯველაძე ამბობს, არ შეიძლება, ოპოზიციამ ბინძურად ითამაშოს, როცა ოპოზიცია ბოიკოტს აცხადებს და საკუთარი ხმის გასაჟღერებლად საკუთარ სამოქალაქო სექტორს იყენებს.

„არ მგონია, რომ კონკრეტული სუბიექტების თაობაზე რაღაც ულტიმატუმების წამოყენება მართებული და დროული იყოს. შეიძლება, აღმოჩნდეს, რომ ცხრაკაციან შემადგენლობაში გაცილებით მეტად რელევანტური ორგანიზაციებისთვის იყოს ადგილი და არა კონკრეტულად ISFED-ისთვის. როცა ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ სახალხო დამცველის კანდიდატების შეფასების პროცესი დაცლილი იყოს პოლიტიკოსების მონაწილეობისგან, ჯგუფში იმ ორგანიზაციების, რომლებიც აშკარად გამოკვეთილი პოლიტიკური პრეფერენციებით ხასიათდებიან, რასაკვირველია, გამართლებული არ იქნება. ყველამ გაითვალისწინოს, რომ ამ პროცესის სამართლიანად წარმართვის ერთ-ერთი პრინციპია, რომ მიუკერძოებელი კანდიდატი იყოს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს მხოლოდ ხელისუფლების მხარეს ეხება, ყველას ეხება. ჯგუფში ჩართულნი პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყვნენ. დასანანი იქნება, თუ ორგანიზაციები შეცდომას დაუშვებენ და ჯგუფში არ ჩაერთვებიან ფსევდოსოლიდარობის მოტივით. იმ შეცდომას დაუშვებენ, რომელიც თავის დროზე ISFED-მა დაუშვა, როცა წაშალა ზღვარი.

როცა იმ ორგანიზაციის სოლიდარობაზე საუბრობენ, რომელმაც თავად წაშალა ზღვარი პოლიტიკურ ორგანიზაციასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის, რასაკვირველია, ასეთი ორგანიზაცია ნეიტრალურ და მიუკერძოებელ სუბიექტად ვერ ჩაითვლება. ISFED-ისთვის კონსულტაციებში მონაწილეობა, მოსაზრებების გავრცელების შესაძლებლობა და ა.შ. არავის აუკრძალავს, ეს სწორი არ არის. გვსურს, რომ სამუშაო ჯგუფი იყოს პოლიტიკურად მიუკერძოებელი. სამოქალაქო საზოგადოების როლი სწორედ ისაა, რომ მიუკერძოებელი იყოს. სამუშაო ჯგუფში მიკერძოებული ადამიანების ყოფნა რამდენად გამართლებულია? – სულ ერთია, ვის მხარესაც არ უნდა იყოს. სამუშაო ჯგუფებში წარმოდგენილია პოლიტიკოსების ნაწილი, უნდა იყოს სამოქალაქო სექტორიც და არ შეიძლება, როლები აღრეული იყოს. სადაც სამოქალაქო სექტორის ადგილია და არა პოლიტიკოსების, არ შეიძლება, იქ სამოქალაქო საზოგადოების ნიღაბს ამოფარებული პოლიტიკოსები იყვნენ. „საიასთან“ პრობლემა გვქონია? – არანაკლებ კრიტიკულია. „საია“ ხელისუფლების მიმართ ISFED-ზე მეტი კრიტიკულობით გამოირჩევა და ეს ხელს არ გვიშლის, რომ თანამშრომლობა გვქონდეს. ეს არაერთხელ ნახეთ. ამიტომ, ამ შემთხვევაში, განმსაზღვრელი კრიტიკულობა კი არ არის, არამედ ის, რომ „საიას“არ უკადრია ისეთი რამ, როგორიც არის pvt-ის (ხმების პარალელური დათვლა) გაყალბება და შემდეგ ამ ფაქტის დიდი ხნის განმავლობაში დამალვა. ვიღაცამ ბოდიში ახსენა, მაგრამ ტრიბუნა არ გახსენდებათ, სადაც ითხოვდნენ, რომ ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა დააკომპლექტონო? როცა სამოქალაქო საზოგადოება ითხოვს, რომ მან ხელში აიღოს ძალაუფლება და თქვას, ვინ უნდა იყოს მინისტრი, პრემიერი, ანუ, დააკომპლექტოს ხელისუფლება, მერწმუნეთ, ეს აღარ არის სამოქალაქო საზოგადოება. როცა ისეთ კომპრომისებს დავუშვებთ, როგორიცაა, არასწორი სუბიექტების შერჩევა იმ თვალსაზრისით, რომ სამუშაო ჯგუფში სამოქალაქო საზოგადოების ნაცვლად პოლიტიკოსი გეყოლება, მერწმუნეთ, ასე წარმართული პროცესი სამართლიანად ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება. ესაა პრობლემა და ამ თვალსაზრისით პრინციპულობა ნორმალური და სწორია.

ვინმეს უნდა პოლიტიკურად მიკერძოებული ხმის გაჟღერება იმ სამუშაო ჯგუფში, რისი პრობლემაც არ აქვთ? – ოპოზიციის ნაწილი ამ პროცესს ბოიკოტს უცხადებს, რომელსაც რეალურად, ეს ფუნქცია უნდა ეკისრებოდეთ. როცა ამის ნაცვლად ბოიკოტი აქვთ გამოცხადებული, მათ ხმას რომ აჟღერებდნენ, ამისთვის არასამთავრობო ორგანიზაციის გამოყენება არაფერს შესძენს პროცესს და პირიქით, პროცესს გარყვნის. სამართლიანი თამაშის წესებზე უნდა შევთანხმდეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკოსს აქვს ადგილი, ის უნდა შეივსოს. აქვს ადგილი არასამთავრობო სექტორს. არ შეიძლება, ოპოზიციამ ბინძურად ითამაშოს – როცა ოპოზიცია ბოიკოტს აცხადებს და საკუთარი ხმის გასაჟღერებლად საკუთარ სამოქალაქო სექტორს იყენებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.