მიხეილ სარჯველაძე - საბედნიეროდ, დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც მიუძღვება ქვეყანას ევროკავშირისკენ
მიხეილ სარჯველაძე - საბედნიეროდ, დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც მიუძღვება ქვეყანას ევროკავშირისკენ

საბედნიეროდ, დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც მიუძღვება ქვეყანას ევროკავშირისკენ, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სტრატეგიული შეთანხმების ხელმოწერას.

სარჯველაძის თქმით, ეს არის უდიდესი მნიშვნელობის აქტი, რომელსაც ხელი მოეწერა ბუქარესტში პრემიერის ვიზიტის ფარგლებში.

„ამ უმნიშვნელოვანეს თანამშრომლობას არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. საქართველო ევროკავშირთან ისე ახლოს არასდროს ყოფილა, როგორც იქნება დღევანდელი დღის შემდეგ. რეალურად, დღეს ხელისუფლება ახერხებს, რომ თანამშრომლობის ინტენსივობა ევროკავშირთან მზარდი იყოს. ახერხებს, რომ ეს სიღრმისეული თანამშრომლობა გამოიხატებოდეს კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებზე და არა მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებში. შესაბამისად, ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები იდგმება.

მიუხედავად იმისა, როგორი რიტორიკა აქვს ჩამოყალიბებული „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც გვაკრიტიკებდა, თავს იწონებს თვითონ პროდასავლურობით და ჩვენ გვაკრიტიკებს არაპროდასავლურობის გამო, მინდა, მათ გასაგონად, მათი მომხრეების გასაგონად ვთქვა, რომ რეალურად ასეთი ნაბიჯებია, რაც გვაახლოებს ევროპასთან და არა ის, როდესაც ხელისუფლება, რომელიც აცხადებდა დასავლური კურსის შესახებ, ანტირუსული კურსის შესახებ, რეალურად საკუთარ ენერგეტიკას თავიდან ბოლომდე გადასცემდა რუსეთის ფედერაციას. საბედნიეროდ, დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც მიუძღვება ქვეყანას ევროკავშირისკენ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს დღეს ხელი მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია რუმინეთში, კოტროჩენის სასახლეში გაიმართა. დოკუმენტი გააფორმეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლაე ჩუკამ და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.

ცერემონიას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დაესწრო.