მიხეილ სარჯველაძე - სააკაშვილი მწვანე გზებით და ტყე-ტყე თუ არის ნასიარულები, არ ვიცი, შესაძლოა, მან თქვას, წავედი იმავე გზებით, რადგან არ იაქტიურეთო
მიხეილ სარჯველაძე - სააკაშვილი მწვანე გზებით და ტყე-ტყე თუ არის ნასიარულები, არ ვიცი, შესაძლოა, მან თქვას, წავედი იმავე გზებით, რადგან არ იაქტიურეთო

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეო არ იძლევა იმისი ვარაუდის საშუალებას, რომ სააკაშვილი საქართველოში იმყოფება. მისივე თქმით, სააკაშვილი ცდილობს ავტორიტეტის განმტკიცებას საკუთარ ამომრჩეველში.

სარჯველაძე ამბობს, რომ სააკაშვილის ჩამოსვლაზე საზოგადოებას შეუძლია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციას ენდოს.

„არ მგონია, გავრცელებულ ვიდეოებზე დაყრდნობით შესაძლებელი იყოს ვივარაუდოთ, რომ სააკაშვილი აქ იმყოფება. შსს-მ გააკეთა განცხადება, რომ არც ერთი გამშვები პუნქტის გავლით ის საქართველოში არ იმყოფება, ეს არის ოფიციალური ინფორმაცია და ამას შეგვიძლია ვენდოთ. მწვანე გზებით და ტყე-ტყე თუ არის ნასიარულები, არ ვიცი, ესეც კომიკურად გამოიყურება. ეს ნამდვილად არ არის სასიამოვნო საყურებელი, როცა ყოფილი პრეზიდენტი ასეთი გზებით ცდილობს ავტორიტეტის განმტკიცებას საკუთარ ამომრჩეველში, საკუთარ ამომრჩევლებს ამხნევებს ასეთი გზით. არ ერიდებიან არც ერთი მეთოდის გამოყენებას, რომ დომინანტური როლი და პოზიცია შეინარჩუნონ ოპოზიციაში, ამხნევებენ საკუთარ ამომრჩეველს, რომელსაც თავადაც გული აქვთ გატეხილი და საფუძველი არ აქვთ, დაიჯერონ მორიგი ჩამოსვლის დაპირება. შეიძლება გამოვიდეს, თქვას, რომ წავედი იმავე გზებით, რადგან არ იაქტიურეთ და ასე შემდეგ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.

ასევე, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა მორიგი ვიდეო, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.