მიხეილ სარჯველაძე - სააკაშვილის უსაფრთხოების მიმართულებით არანაირი საშიშროება არ არსებობს, ეს თქვა უწყებამ, რომელსაც პატიმართა უფლებების დაცვაზე  პასუხისმგებლობა კარგად აქვს გათავისებული
მიხეილ სარჯველაძე - სააკაშვილის უსაფრთხოების მიმართულებით არანაირი საშიშროება არ არსებობს, ეს თქვა უწყებამ, რომელსაც პატიმართა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებლობა კარგად აქვს გათავისებული

მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების მიმართულებით არანაირი საშიშროება არ არსებობს, ეს თქვა უწყებამ, რომელსაც ძალიან კარგად აქვს გათავისებული  პასუხისმგებლობა, რომელიც პატიმრების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არ ფიქრობს, რომ ვინმეს ამ თემაზე დიდი დისკუსიის გაშლის შესაძლებლობა ჰქონდეს.

„არ მგონია, ვინმეს ამ თემაზე დიდი დისკუსიის გაშლის შესაძლებლობა ჰქონდეს. ვითარება არის საკმაოდ მარტივი იმ თვალსაზრისით, თუ როგორი უნდა იყოს ხელისუფლების მხრიდან პასუხი. სააკაშვილს პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობას ვერავინ წაართმევს, მაგრამ თუ ვითარებამ შეიძლება კრიტიკულ ზღვარს მიაღწიოს და ურგენტული ჩარევის შესაძლებლობა იქნება საჭირო, პენიტენციურ სამსახურს შესაბამისი რესურსი და კვალიფიკაცია აქვს, რომ ეს უზრუნველყოფილი იყოს. ამ თვალსაზრისით არავითარი პროვოკაცია არ არის საჭირო. გამორიცხულია, ვინმემ აწამოს, ამას არავინ დაუშვებს და შეეგუება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

რაც შეეხება სააკაშვილის ჰოსპიტალიზების საკითხს, სარჯველაძე ამბობს, რომ ლეგიტიმური საფუძვლები არსებობს იმის განსაზღვრისთვის, საჭიროების შემთხვევაში, სად უნდა მოხდეს მისი გადაყვანა.

„რომელ დაწესებულებაში განთავსდება მიხეილ სააკაშვილი, ეს მხოლოდ მისი სურვილისამებრ გადასაწყვეტი და შესაფასებელი არ არის, კონკრეტული საჭიროებები გვკარნახობს. რა თქმა უნდა, ლეგიტიმური საფუძვლები არსებობს იმის განსაზღვრის, რომელ დაწესებულებაში უნდა განთავსდეს და როგორ უნდა იყოს დაცული მისი საპატიმრო უფლება. არ მგონია, ასეთ დროს ურთიერთობების ასეთი სახის ესკალაცია რაიმე ფორმით ლოგიკური იყოს. თუ მივუდგებით არა რაიმე ამბების შექმნის სურვილით მოტივირებული, არამედ იმ კუთხით დაინტერესებული, რომ საპატიმრო უფლებები დაცული იყოს, შემიძლია, საგნობრივად პასუხი გავცე საკითხს, მაგრამ ესკალაციის მცდელობა და ზედმეტი არევის სურვილით ნაკარნახევი გადაწყვეტილებები მხედველობაში მისაღები არ არის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.