მიხეილ სარჯველაძე - სააკაშვილის უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, გადაყვანილია დაწესებულებაში, სადაც უკეთესი შესაძლებლობებია შესაძლო რისკებთან გასამკლავებლად
მიხეილ სარჯველაძე - სააკაშვილის უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, გადაყვანილია დაწესებულებაში, სადაც უკეთესი შესაძლებლობებია შესაძლო რისკებთან გასამკლავებლად

მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია ისეთ პენიტენციალურ დაწესებულებაში, სადაც უკეთესი და სრულფასოვანი შესაძლებლობებია ჯანმრთელობის შესაძლო რისკებთან გასამკლავებლად, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც კი მიხეილ სააკაშვილის ეტაპირება დასრულდა, მომენტალურად გაკეთდა განცხადება მისი ადგილსამყოფელის შესახებ.

„რატომ გლდანის საავადმყოფოში და არა მრავალპროფილურში, ასე საკითხი არ დგას, რადგან პროფილთა სიმრავლე, რომელიც მოითხოვებოდა კონსილიუმის რეკომენდაციების მიხედვით, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი ყველა ამ პროფილს აკმაყოფილებს ის სამკურნალო დაწესებულება, რომელსაც თქვენ გულისხმობთ. შესაბამისად, მე არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში ეს პრობლემა იდგეს.

რაც შეეხება საკითხს, რატომ ამ ფორმით, მე არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში რაიმე პრობლემა არსებობდეს ფორმასთან დაკავშირებით. მესმის, რომ ყველას აინტერესებს, ფლობდეს ინფორმაციას იმის შესახებ, სად იმყოფება ბატონი სააკაშვილი, თუმცა როგორც კი ეს ეტაპირება დასრულდა, მომენტალურად გაკეთდა განცხადება, თუ სად იმყოფებოდა. შესაბამისად უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ასეთია მოცემულობა და არ მგონია, რაიმე პრობლემა იყოს ამ თვალსაზრისით.

აქ პრიორიტეტული და ნომერ პირველი ამოცანაა პატიმრის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჯანმრთელობის ჩათვლით. პენიტენციური სამსახურის სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ მათ ძალიან კარგად აქვთ გათავისებული, პასუხისმგებლობა და მოვალეობა, რომელიც აქვთ როგორც ყველა პატიმართან მიმართებით, ასევე სააკაშვილთან მიმართებით.

ყველა გაფაციცებითა ადევნებს თვალყურს მიმდინარე პროცესებს. შესაბამისად, აქ რაიმე გადაცდომა რასაკვირველია, არ იქნება გამართლებული და ეს კარგად ესმით იუსტიციის სამინისტოში. ისინი სრული პასუხისმგებლობით უდგებიან ყველა საკითხს, რომელსაც წყვეტენ სააკაშვილთან მიმართებით. მონახულებას რაც შეეხება, ექიმი არ ვარ, რომ უშუალო თვალსაზრისით რაიმე შეფასება მივცე. რაც შემიძლია, მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ექიმები, რომლებიც ჩართული არიან, მათზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ ამ წუთას მდგომარეობა ნამდვილად არ არის პრობლემური. განცხადებაში აღინიშნა კიდეც, რომ გაუარესებათა პრევენციის მიზნით მოხდა ეტაპირება. შესაბამისად გადაყვანილია ისეთი პენიტენციალურ დაწესებულებაში, სადაც უკეთესი და სრულფასოვანი შესაძლებლობებია შესაძლო რისკებთან გასამკლავებლად. მესმის, რომ დაინტერესებული არიან, რაც შეიძლება დრამატულად წარმოადგინონ სიტუაცია იქ, სადაც არ არის მიზეზი დრამატულობისთვის. ოპოზიცია ცდილობს ისე წარმოაჩინონ, თითქოს უნდა გაატარონ ისეთ დერეფანში, სადაც საფრთხე შეიძლება ემუქრებოდეს. ეს ტყუილა, იქ არის ის დამოუკიდებლად, იზოლირებულად, სადაც უშუალო კომუნიკაციის და შეხების შესაძლებლობა სხვა პატიმრებს არ ექნებათ, ის არის იზოლირებული“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.