მიხეილ სარჯველაძე - სააკაშვილის ანტიჰუმანური მმართველობა უამრავმა ადამიანმა უმძიმესი ტრაგედიების ფასად იწვნია, ამ ფონზე მისთვის ჯილდოს გადაცემა ცინიკურია
მიხეილ სარჯველაძე - სააკაშვილის ანტიჰუმანური მმართველობა უამრავმა ადამიანმა უმძიმესი ტრაგედიების ფასად იწვნია, ამ ფონზე მისთვის ჯილდოს გადაცემა ცინიკურია

უამრავმა ადამიანმა სააკაშვილის ანტიდემოკრატიული და ანტიჰუმანური მმართველობა უმძიმესი ტრაგედიების ფასად იწვნია და ამ ფონზე მისთვის ჯილდოს გადაცემა ცინიკურია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი დასაჯილდოებელია არა ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის, არამედ შეიძლებოდა, მისთვის ანტიგმირის წოდება მიენიჭებინათ.

„სააკაშვილმა არა თუ თავი არ გამოიჩინა დემოკრატიასა და ადამიანის უფლებათა დაცვაში წვლილის შეტანით, არამედ ამის სრულად საპირისპიროს კეთებაში მართლაც ძალიან „დიდი წვლილი“ აქვს. რა თქმა უნდა, ასეთ ფონზე მისი დაჯილდოება ცინიკურად და ცუდად გამოიყურება. დიდი იმედი მაქვს, ეს არის შეცდომით და რაღაც ემპათიით გამოწვეული გადაწყვეტილება, რასაც შეიძლება, ადგილი ჰქონდა საკითხში გაუთვითცნობიერებლობის გამო. სააკაშვილი დასაჯილდოებელია არა დემოკრატიასა და ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის, არამედ საქმის კეთებაში რომ ყოფილიყო ანტიგმირის წოდება, ამის მინიჭება შეიძლებოდა. ვინც ეს პრიზი გასცა, მათ მიმართ კითხვა უნდა დაისვას – „იმედში“ შევარდნის შემოქმედი, გირგვლიანისა და გელაშვილის საქმეებზე მსჯავრდადებული პირი, 7 ნოემბრისა და 26 მაისის შემოქმედი შეიძლება თუ არა ასეთი პრიზით ჯილდოვდებოდეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნორვეგიისგან ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში ჯილდო მიიღო.