მიხეილ სარჯველაძე - ყველა ის ფუნქცია, რომელსაც ინსპექტორის სამსახური დღეს ახორციელებს, შენარჩუნებული იქნება
მიხეილ სარჯველაძე - ყველა ის ფუნქცია, რომელსაც ინსპექტორის სამსახური დღეს ახორციელებს, შენარჩუნებული იქნება

რეფორმის შედეგად დაგეგმილია, რომ იფუნქციონირებს ორი სხვადასხვა დაწესებულება და შესაბამისად, ყველა ის ფუნქცია რომელიც, დღეს ხორციელდება, კვლავაც იქნება შენარჩუნებული მოქმედი კანონმდებლობით. საუბარი, რომ უქმდება და ეს ფუნქცია აღარ იარსებებს სახელმწიფოში, სწორი არ არის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ერთმანეთისგან გაიმიჯნება ინსპექტორის ის ძირითადი ფუნქციები, რომელიც უკავშირდება პერსონალური მონაცემების დაცვას და სახელმწიფო ინსპექტორის რეფორმას, რომელიც ჩატარდა.

„არაერთი არასამთავრობო და ავტორიტეტული დაწესებულება თვლიდა, რომ ეს ყოფილიყო განცალკევებულად ფუნქციონირებადი სახელმწიფო დაწესებულება. ეს ალბათ განხილვების პროცესშიც გამოიკვეთება, ვისი მოსაზრება საითკენ არის მიმართული. არ მგონია, რომ რაიმე დიდი მიზეზი არსებობს, რომ ერთმანეთთან დაკავშირდეს რაიმე კონკრეტული გადაწყეტილება სახელმწიფო ინსპექტორისა უშუალოდ ამ რეფორმის შინაარსთან. ქალბატონი ლონდას გადასაწყვეტია, სად და როგორ გააგრძელებს მუშაობას. მისი საქმიანობის შეფასებას რაც შეეხება, იყო იქ ცალკეული საკითხები, რომელთა დაკავშირებითაც მათ შორის მეც მაქვს განსხვავებული მოსაზრებები, მათ შორის ის ხმაურიანი გადაწყვეტილებები, რომელთა დაკავშირებითაც როგორც იურისტს მაქვს განსხვავებული შეხედულებები. რა თქმა უნდა ამ დაწესებულებას ჰქონდა მნიშვნელოვანი წარმატებები, ისევე როგორც ინსპექტორის იმ ფუნქციების ნაწილში, რომელიც უკავშირდება პერსონალური მონაცემების დაცვას“,- განაცხადა სარჯველაძემ.

სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება იგეგმება, რომელთა ნაცვლად, ორი ახალი სამსახური – სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნება. შესაბამისი ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. პროექტი 28 დეკემბრის ბიუროს სხდომას წარედგინება.