მიხეილ სარჯველაძე - პრემიერის ბრიუსელში ვიზიტი წარმატებული იყო, რისი დემონსტრირებაცაა უმაღლეს დონეზე გაკეთებული შეფასებები, ოპოზიცია ცდილობს, ეს წარმატება გადაფაროს
მიხეილ სარჯველაძე - პრემიერის ბრიუსელში ვიზიტი წარმატებული იყო, რისი დემონსტრირებაცაა უმაღლეს დონეზე გაკეთებული შეფასებები, ოპოზიცია ცდილობს, ეს წარმატება გადაფაროს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტი წამატებული იყო, რასაც უმაღლეს დონეზე გაკეთებული შეფასებებიც ადასტურებს.

სარჯველაძის თქმით, ოპოზიცია კი ცდილობს, ქვეყნის წარმატება გადაფაროს და აქცენტი სრულიად სხვა საკითხზე გადაიტანოს.

„პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ერთმნიშვნელოვნად წარმატებული იყო. ამის დემონსტრირებაა, მათ შორის, რა განცხადებებიც გააკეთა სტოლტენბერგმა და რა შეფასებებიც გაკეთდა უმაღლეს დონეზე. რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, რასაც ოპოზიცია ამბობს, ეს არის მართლაც ძალიან არასერიოზული მცდელობა, ის დიდი წარმატება, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, გადაიფაროს, მათ შორის, ისეთი მკვახე განცხადებებით, როგორიც კეთდება, მაგალითად, ჩაშლილ ბრიფინგთან დაკავშირებით, რომელიც ბევრი მითით შეიმოსა ამ ხნის განმავლობაში. ყურადღება გადასატანია მთავარ საკითხზე, რომ ნატო-ს უმაღლესი თანამდებობის პირი აკეთებს ისეთ შეფასებებს, როგორსაც აკეთებს და ამის გადასაფარად ხდება აქცენტის სრულიად სხვა საკითხებზე გადატანა, რაც ცოტა არასერიოზულად გამოიყურება. საკუთრივ ვიზიტის ყველაზე კარგი და მაღალი დონის შეფასება თვითონ სტოლტენბერგის შეფასებაა, მასზე უკეთ ამას ვერავინ შეაფასებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კითხვაზე, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ რა მიზეზით არ გაიმართა ერთობლივი ბრიფინგი, – სარჯველაძე პასუხობს, რომ ასეთი საკითხები პროტოკოლის ფარგლებში წყდება.

„ვიზიტები როცა იგეგმება, პროტოკოლური ურთიერთობებია და ამ პროტოკოლის ფარგლებში წყდება ეს საკითხები. თუ ინტერესი გაქვთ, შეგიძლიათ ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია მოითხოვოთ, მაგრამ არ არსებობს არავითარი მიზეზი, ყურადღება გადაიტანოთ სრულიად სხვა საკითხებზე და დაჩრდილოთ ის, რაც რეალურად საქართველოს წარმატების ამსახველია.ეს ყველასთვის თვალსაჩინო და გასაგებია, ამაზე კამათი აღარ ღირს“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.