მიხეილ სარჯველაძე - პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი ბრიუსელში დამატებით უსვამს ხაზს საქართველოს ერთგულებას საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით
მიხეილ სარჯველაძე - პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი ბრიუსელში დამატებით უსვამს ხაზს საქართველოს ერთგულებას საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით ირაკლი კობახიძის ბრიუსელში გამგზავრება დამატებით უსვამს ხაზს საქართველოს ერთგულებას საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით.

სარჯველაძის თქმით, ირაკლი კობახიძეს მიეცემა შესაძლებლობა, უფრო ინტენსიური გახადოს თანამშრომლობა ევროპულ სტრუქტურებთან და რაც შეიძლება მეტად დააჩქაროს საქართველოს ევროინტეგრაცია.

„ბევრმა ადამიანმა პოზიტიურად შეაფასა, რომ პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი სწორედ ბრიუსელში შედგა. ეს კიდევ ერთხელ დამატებით უსვამს ხაზს საქართველოს ერთგულებას სამომავლო საერთაშორისო განვითარებასთან, ჩვენს საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით. მიხარია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მიეცემა შესაძლებლობა, განაგრძოს ამ მიმართულებით მუშაობა, უფრო ინტენსიური გახადოს ჩვენი თანამშრომლობა ევროპულ სტრუქტურებთან. შესაბამისად, რაც შეიძლება მეტად დააჩქაროს პროცესი, რასაც ჰქვია საქართველოს ევროინტეგრაცია. მინდა, წარმატება ვუსურვო მას ამ ვიზიტში. ვფიქრობ, პირველი გამოხმაურებები რაც მოდის, მაგალითად, ბორელის შეფასება, იმედის მომცემია იმ თვალსაზრისით, რომ ეს შეხვედრაც და მომავალი თანამშრომლობაც უაღრესად წარმატებული იქნება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატო-ში.