მიხეილ სარჯველაძე - პენიტენციურ დაწესებულებასთან დაკავშირებით ეს არ არის ყალბი ცნობების გავრცელების ჩვეულებრივი შემთხვევა, გაცილებით მავნებლურია და ამორალობის არნახულ მწვერვალებს აღწევს
მიხეილ სარჯველაძე - პენიტენციურ დაწესებულებასთან დაკავშირებით ეს არ არის ყალბი ცნობების გავრცელების ჩვეულებრივი შემთხვევა, გაცილებით მავნებლურია და ამორალობის არნახულ მწვერვალებს აღწევს

ეს არ არის უბრალოდ ყალბი ცნობების გავრცელების, ან დეზინფორმაციის ჩვეულებრივი შემთხვევა, მოცემულ შემთხვევაში ამ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება გაცილებით მავნებლურია და ამორალობის არნახულ მწვერვალებს აღწევს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ერთ-ერთი სატელევიზო ეთერის მეშვეობით გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც შეეხებოდა „პენიტენციურ დაწესებულებაში თითქოსდა მომხდარ ინციდენტს და თითქოს რამდენიმე ადამიანის დაღუპვას“.

მისი თქმით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გუშინვე დაუყოვნებლივ გავრცელდა საპასუხო ცნობები და საზოგადოებას აღნიშნული საკითხის თაობაზე ინფორმაცია მიეწოდა.

„როგორც ირკვევა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ერთ-ერთი მსჯავრდებულის ოჯახს დაუკავშირდა აშკარად ამ ოჯახის არაკეთილმოსურნე და მიაწოდა ინფორმაცია თითქოსდა მათი ოჯახის წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. შემდგომ ეს ინფორმაცია გადამოწმებული იქნა ერთ-ერთ სატელევიზიო არხის მიერ და დადატურდა, რომ ეს ადამიანი არათუ ცოცხალია, არამედ მას თვითონ ჰქონდა ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია და შეძლო მათი დამშვიდება. საქმე გვაქვს სრულიად ამორალურ, დაუშვებლად ამორალურ საქციელთან. ჩვენ არ გვიკვირს, როდესაც ვრცელდება დეზინფორმაცია, სინამდვილესთან შეუსაბამო ცნობები სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების და ინსტიტუციების წინააღმდეგ, რომელიც ხშირ შემთხვევაში გამოიყენება მიზანმიმართული კამპანიის ფარგლებშიც. ცალკეული ადამიანები უსაფუძვლოდ თხზავენ ფაქტებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, ამ გზით საჯარო დაწესებულებების დისკრედიტაციისთვის. მათ შორის, არაერთხელ გვიხილავს ასეთი მიზანმიმართული კამპანია სპეციალური პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ.

მინდა, საზოგადოების ყურადღება მივაქციო იმ გარემოებაზე, რომ ეს არ არის უბრალოდ ყალბი ცნობების გავრცელების, ან დეზინფორმაციის ჩვეულებრივი შემთხვევა. არამედ, მოცემულ შემთხვევაში ამ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება გაცილებით მავნებლურია და ამორალობის არნახულ მწვერვალებს აღწევს. საზოგადოებისთვის არ არის იოლი, ყოველდღიურად სხვადასხვა წყაროდან ყალბი ინფორმაციის მომდინარე ნიაღვარიდან გაარჩიოს მართალი მცდარისგან. მაგრამ ამ შემთხვევაში სიმართლის დანახვა განსაკუთრებულად სენსიტიური და მნიშვნელოვანია. ამდენად, მინდა, ხაზი გავუსვა გარემოებას, რომ განსაკუთრებით მგრძნობიარეა იმ ადამიანების მდგომარეობა, რომელთა ახლობლებიც იმყოფებიან პენიტენციურ დაწესებულებებში. მსჯავრდებულთა და პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა ახლობლებისთვის ასეთი ცრუ ინფორმაციის სრულიად გადაუმოწმებლად მიწოდება ძალზედ სახიფათოა, რომ არაფერი ვთქვათ ასეთი ქცევის ტოტალურ ამორალობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მინდოდა, დღევანდელ დღეს გამეზიარებინა ორი მთავარი რამ: პირველი – მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ განსაკუთრებული სიფრთხილით და მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ მსგავს თემებს, გამოიჩინონ მცირედი პასუხისმგებლობა მაინც და გაუფრთხილდნენ ადამიანთა სიმშვიდესა და ჯანმრთელობას. მეორე – მინდა, დავამშვიდო საზოგადოება, განსაკუთრებით ის ადამიანები, ვისი ახლობლებიც იმყოფებიან პენიტენციურ დაწესებულებებში, გავრცელებული ინფორმაცია არათუ გაზვიადებულია, არამედ საერთოდ მსგავსიც არაფერი (ხაზს ვუსვამ – მსგავსი არაფერი) მომხდარა ბუნებაში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დატოვე კომენტარი