მიხეილ სარჯველაძე - პატიმარი პენიტენციურ სამსახურს გადაწყვეტილების აღსრულებაში როცა ეწინააღმდეგება, ლეგიტიმურია გადაწყვეტილება შესაბამისი პროპორციული ძალის გამოყენებით აღსრულდეს
მიხეილ სარჯველაძე - პატიმარი პენიტენციურ სამსახურს გადაწყვეტილების აღსრულებაში როცა ეწინააღმდეგება, ლეგიტიმურია გადაწყვეტილება შესაბამისი პროპორციული ძალის გამოყენებით აღსრულდეს

პოლიტიკური პრეფერენციების მიუხედავად, გავრცელებული კადრები არავისთვის სასიამოვნოდ საყურებელი არ იყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ცოტა ხნის წინ გასაჯაროებულ მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრების შესახებ განაცხადა.

როგორც  სარჯველაძემ აღნიშნა, როდესაც პატიმარი პენიტენციურ სამსახურს კონკრეტული გადაწყვეტილების აღსრულებაში ეწინააღმდეგება, ლეგიტიმურია გადაწყვეტილება შესაბამისი პროპორციული ძალის გამოყენებით აღსრულდეს.

„რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ კადრებში აშკარად ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის საპატიმრო დაწედებულებას ნებაყოფლობით ტოვებს. შემდეგ როდესაც ის გლდანის კლინიკაში შედის, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს წინააღმდეგობას უწევს, ამას თავად სააკაშვილი მოტყუებით ხსნის. როგორც სამინისტრო განმარტავს, რომ ითქვა, მისი გადაყვანა კლინიკაში ხდებოდა, არ იყო დაკონკრეტებული, თუ რომელ კლინიკაში ხდებოდა გადაყვანა. დადგინდება და გაირკვევა, მან მართლა ასე აღიქვა თუ შემდგომ შეიცვალა პოზიცია. გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რომელ პენიტენციულ დაწესებულებაში უნდა მოხდეს პატიმრის განთავსება, თავად პენიტენციური სამსახურის იღებს. ასევე პენიტენციური სამსახური წყვეტს, უნდა გადაიყვანონ თუ არა პატიმარი კერძო კლინიკაში. აქედან გამომდინარე, მეორე ხარისხოვანია, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მოტყუებით მოხდა, თუ შემდგომ შეიცვალა პოზიცია.

ყველა საჭიროებას, რაც ურგენტულად სააკაშვილის მკურნალობასთან დაკავშირებით შეიძლება დღის წესრიგში დადგეს, გლდანის სამკურნალო დაწესებულება პასუხობს. როდესაც პატიმარი პენიტენციურ სამსახურს კონკრეტული გადაწყვეტილების აღსრულებაში ეწინააღმდეგება, ლეგიტიმურია გადაწყვეტილება შესაბამისი პროპორციული ძალის გამოყენებით აღსრულდეს – როცა პატიმარი დაწესებულებაში შესვლას არ აპირებს, ამ დროს, რა უნდა მოხდეს? წინააღმდეგობა გასწია და ძალის გამოყენება ძალაუნებურად აუცილებელი გახდა. მეორე ხარისხოვანია მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მოხდა თუ არა მოტყუებით, რაც დადასტურებული არ არის. ეს არ არის სააკაშვილთან პოლიტიკური ანგარიშსწორების და პოლიტიკური ბრძოლის ხერხი. გამორიცხულია ხელისუფლებაში ვინმე ასე ფიქრობდეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრები გაასაჯაროვა.