მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციისთვის მარცხთან შეგუება ძნელია, მაგრამ ასეთია რეალობა, თვალი უნდა გაუსწორონ
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციისთვის მარცხთან შეგუება ძნელია, მაგრამ ასეთია რეალობა, თვალი უნდა გაუსწორონ

შვიდ ნოემბერს დაგეგმილი აქცია ბევრ მხრივ სიმბოლური მნიშვნელობის შეიძლება იყოს, არ არის ეს ზოგადად კარგი იდეა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რეალურად, ყველანაირ ზღვარს გადადის ოპოზიციის მცდელობები, რომ საკუთარი დღის წესრიგით, საკუთარი პრობლემების დღის წესრიგით აცხოვროს მთელი ქვეყანა.

„ოპოზიციის მუშაობა, მათ შორის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების გადასაწყვეტად. ასეთია მოცემულობა და ამ ფონზე კვლავ მაინც იგივე რიტორიკა გვესმის, რომლითაც დაიღალა მთელი ქვეყანა ერთი წლის განმავლობაში, ახლა იგივე მცდელობაა. თუმცა, დარწმუნებული გახლავართ, რომ საზოგადოება ამას უბრალოდ აღარ წამოეგება. აღარ წამოეგება, რადგან ძალიან კარგად ხვდებიან, რომ თუ რაღაც მომენტში, მაგალითად, შარშან მეტი მოთმინებით შესცქეროდნენ ოპოზიციის ამ აქტივობებს, ახლა აბსოლუტურად გამორიცხულია, რომ იგივე შანსი მისცენ. მარცხთან შეგუება ძალიან ძნელია ოპოზიციისთვის, მაგრამ ასეთია რეალობა, ამას თვალი უნდა გაუსწორონ, სხვაგვარად წარმოუდგენელია. მცდელობები, რომ შექმნან სიმულირებული რეალობა, ეს განწირულია ჩვენს ეპოქაში ყოველგვარი წარუმატებლობისთვის. არ ღირს რომ ამაზე დიდი დრო დაკარგონ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღევანდელ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ოპოზიცია აქციას 7 ნოემბერს გამართავს.