მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციის წარმომადგენლებმა საპარლამენტო ტრიბუნის პიკეტირება დაიწყეს, ვინმემ თქვას, სად ხდება ასე
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციის წარმომადგენლებმა საპარლამენტო ტრიბუნის პიკეტირება დაიწყეს, ვინმემ თქვას, სად ხდება ასე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციის წარმომადგენლებმა საპარლამენტო ტრიბუნის პიკეტირება დაიწყეს.

მისივე თქმით, ეს ნორმალური პროცესი არ არის.

„ხომ არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ვინმემ უბრალოდ საკუთარი მაგიდიდან ბანერი გადმოფინა, არა, ისინი დაიძრნენ, აქტიურ მოქმედებაზე გადავიდნენ, საპარლამენტო ტრიბუნის პიკეტირება დაიწყეს. ეს თუ დასაშვებია და თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ნორმალური პროცესია, არ ვიცი. ის მაინც მოთხოვეთ, ვინმემ თქვას, სად ხდება ასე. სხდომის დახურვის მიზეზები უნდა გავარკვიო, მეც თქვენთან ვიდექი, როცა თავმჯდომარემ ეს გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, ჩაიშალა.

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, დღევანდელ სხდომას დახურულად აცხადებს, რადგან პოლტიკური ჯგუფების მიზანი არ იყო დღეს სხდომის ჩატარება და კითხვების დასმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტი უკვე დატოვა.

საკანონმდებლო ორგანოში დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლა დაიწყო გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახისთვის მისამძიმრებით, რა დროსაც ოპოზიციის წარმომადგენლები ტრიბუნასთან მივიდნენ. მათ თან ჰქონდათ ლექსო ლაშქარავასა და წითლად გადახაზული პრემიერის ფოტოები.

გარდა ამისა, დარბაზში ბანერები გაშალეს მედიის წარმომადგენლებმაც. პარლამენტის თავმჯდომარემ ტექნიკური შესვენება რამდენჯერმე გამოაცხადა.