მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, გაექცეს იმ პლატფორმას, სადაც არჩევნებთან დაკავშირებით მათი განცხადებების უსაფუძვლობა გარდაუვლად დადასტურდება
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, გაექცეს იმ პლატფორმას, სადაც არჩევნებთან დაკავშირებით მათი განცხადებების უსაფუძვლობა გარდაუვლად დადასტურდება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის ფუნქცია 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების მართლზომიერებასთან დაკავშირებით წერტილის დასმა იქნება.

„ვფიქრობთ, ეს პროცესი დაძრულია და მალე მოიტანს რეალურ რეზულტატებს, რასაც ყველა იხალავს და რასაც ექნება გარკვეული ფუნქცია, დანიშნულება საზოგადოებისთვის მეტი სიცხადის შეტანის თვალსაზრისით“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

რაც შეეხება კითხვას, იქნებიან თუ არა საგამოძიებო კომისიაზე მიწვეული ოპოზიციის წარმომადგენელები, სარჯველაძე პასუხობს, რომ საგამოძიებო კომისიამ ყველა მიმართულებით და სრულფასოვნად უნდა იმუშავოს.

„შეამოწმოს ყველაფერი, რაც შეიძლება ვინმესთვის იყოს საინტერესო. ეს, რა თქმა უნდა, არის საგამოძიებო კომისიის ფუნქცია. რაც შეეხება ჩემს მოლოდინებს, სიმართლე გითხრათ, დარწმუნებული ვარ, რომ შედეგი იქნება ერთმნიშვნელოვნად იმის დამადასტურებელი, რასაც ამდენი ხანია, ვლაპარაკობთ, ოღონდ ამას ვლაპარაკობთ ფაქტების შემოწმების შედეგად. ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ვამბობ ამას და ყველა ფაქტი, რომელიც ამ შემთხვევაში შეიძლება არჩევნების მართლზომიერებაზე გავლენის მქონედ მივიჩნიოთ, შეფასებულია, შემოწმებულია და საფუძველი არ გააჩნია იმას, რომ არჩევნების ჩატარებისას ადგილი ჰქონდა რამე ფორმით მნიშვნელოვან სამართალდარღვევებს. ჩვენი მხრიდან, ეს იყო არა სუბიექტური შეფასება, არამედ რეალურად შემოწების შედეგად ხაზგასმული ფაქტი. ვფიქრობ, დღეს თუ ოპოზოციას აქვს სურვილი, ამაზე დაუსაბუთებლად  ბევრი ისაუბროს, კიდევ ერთი არგუმენტი იქნება მათ საწინააღმდეგოდ, რომელიც რეალურად გამოაცლის საფუძველს, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით უსუფუძვლო განცხადებების კეთებას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, სარჯველაძე ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებზე საპასუხოდ აღნიშნავს, რომ არავითარი ფაქტები გამქრალი არ არის.

„ეს ტყუილია, ჯერ ერთი, გადათვლა არ არის ერთადერთი მეთოდი, რომლითაც უნდა იქნას შემოწმებული არჩევნების მართლზომიერება. არაფერი გამქრალი არ არის და არის ყველა ის დოკუმენტი, რომელიც პირველივე დღეს გამოქვეყნდა ვებგვერდზე. საქმეში ოდნავ ჩახედული ადამიანისთვის, რომელმაც იცის საარჩევნო სისტემა, ნათელია, რომ დღეს არსებობს ყველა მოცემულობა იმისთვის, რომ თუ რამე გაყალბდა, ეს კომისიისთვის შეუმჩნეველი ვერ დარჩება. კომისიას ექნება საკითხების სრულფასოვნად გამოკვლევის შესაძლებლობა. სინამდვილეში, ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, გაექცეს იმ პლატფორმას, სადაც რეალურად მათი აქამდე გაკეთებული განცხადებების უსაფუძვლობა გარდაუვლად იქნება დადასტურებული, რაც მათ კარგად მოეხსენებათ“, – განმარტა მიხეილ სარჯველაძემ.