მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციის, აქციის მონაწილეთა ქმედებები, რაც გამოიხატება სამართლებრივი ნორმების უგულვებელყოფაში, პოლიტიკურ პროცესებს აზიანებს
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციის, აქციის მონაწილეთა ქმედებები, რაც გამოიხატება სამართლებრივი ნორმების უგულვებელყოფაში, პოლიტიკურ პროცესებს აზიანებს

არ შეიძლება, სამართლებრივი ნორმების აღსრულებას რამენაირად ეღობებოდეს შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია, ასეთი რამ დაუშვებელია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, ვინმეს დაკავება არავისთვის არ არის სასიამოვნო, თუმცა პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვალდებულია, მიიღოს ზომები ქვეყანაში სამართლებრივი წესრიგის დასაცავად.

რაც შეეხება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას, სარჯველაძის განმარტებით, ვერ ისაუბრებს, რატომ გახდა საჭირო ამ შინაარსის განცხადების გაკეთება, თუმცა ამბობს, რომ პრეზიდენტს შეუძლია, გამოთქვას საკუთარი მოსაზრება რომელიმე მოვლენასთან  დაკავშირებით.

„მე ვერ გეტყვით, რატომ გახდა საჭირო ამ შინაარსის ან ამ ინტერპრეტაციით განცხადების გაკეთება. რაც შეეხება იგივე დესტაბილიზაციისკენ მართლსაწინააღმდეგოდ მიმართულ და ხშირ შემთხვევაში აქციის მონაწილეთა მხრიდან ზღვარგადასულ ქცევებს, როგორიც არ უნდა იყოს პოლიტიკური დღის წესრიგი, არ ნიშნავს იმას, რომ სამართლებრივი წესრიგი, ზოგადად ქვეყანაში წესრიგი დარჩეს დაუცველი. არ შეიძლება, სამართლებრივი ნორმების აღსრულებას რამენაირად ეღობებოდეს შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია, ასეთი რამ დაუშვებელია. ნამდვილად არავისთვის, მათ შორის არც ერთი პოლიციელისთვის, ხელისუფლებისთვის არ არის სასიამოვნო ის პროცესი, რასაც ჰქვია ვინმეს დაკავება. თუმცა, რასაკვირველია, პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ყველა შემთხვევაში ვალდებულია, მიიღოს ზომები ჩვენს ქვეყანაში სამართლებრივი წესრიგის დაცვისთვის, სხვაგვარად წარმოუდგენელია.

თუ საქმე მიდგა იმაზე, ეს აზიანებს, თუ არა პოლიტიკურ პროცესს, რასაკვირველია, ქმედებები, რომლებსაც ვხედავთ ოპოზიციის, აქციის მონაწილეთა მხრიდან, რაც გამოიხატება სამართლებრივი ნორმების უგულვებელყოფაში, აზიანებს პოლიტიკურ პროცესებს, მათ შორის იმ რეაგირების ჩათვლით, რომელიც სამართლებრივად სავალდებულო და გარდაუვალია ნებისმიერ სამართალდარღვევაზე. თუ პრეზიდენტს ექნება მოსაზრებები რომელიმე მოვლენასთან, რომელიმე ინსტიტუციასთან დაკავშირებით, მას, რა თქმა უნდა, არ ექნება შეფერხება, პირდაპირ გამოთქვას ეს მოსაზრებები, არა მგონია, რომ ამ შემთხვევაში მის განცხადებებში ქვეტექსტები იყოს საძებნი“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს გავრცელებულ განცხადებაში მადლობას უხდის ევროპული საბჭოს პრეზიდენტს პროცესში მისი აქტიური ჩართულობისთვის და მიესალმება პრემიერ-მინისტრისა და ოპოზიციური ძალების წარმომადგენლების კონსტრუქციულ მონაწილეობას.

მისივე თქმით, ევროკავშირმა, უმაღლესი პოლიტიკური ფიგურის კრიზისის განმუხტვაში ჩართვით, აჩვენა, რომ „ევროპა არა თუ გასულია ამ ქვეყნიდან, არამედ პირიქით, საქართველოს დემოკრატიულობა, სტაბილურობა და განვითარება ისე, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ევროპისთვის“.

თუმცა, ზურაბიშვილის შეფასებით, გუშინ, ორბელიანების სასახლეში მიმდინარე პროცესები კარგად არ არის გააზრებული.

„ნუთუ მართლა არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ, რა დონის მხარდაჭერის გამოვლენა იყო და, რომ ეს დამოკიდებულება ჩვენგან პასუხისმგებლობის აღებას ითხოვს“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.