მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიცია თუ სამართლებრივი გზებით დაურეგულირებელი საკითხების დარეგულირების მცდელობას ვინმეს დასჯად აღიქვამს, ეს მათი პრობლემაა
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიცია თუ სამართლებრივი გზებით დაურეგულირებელი საკითხების დარეგულირების მცდელობას ვინმეს დასჯად აღიქვამს, ეს მათი პრობლემაა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს მიაჩნია, რომ ოპოზიციის მხრიდან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დასჯაზე საუბარი არის ჭიქაში ქარიშხლის მოწყობის მცდელობა და მათ ამის დასადასტურებლად არანაირი არგუმენტი არ გააჩნიათ.

როგორც ჟურნალისტებს „საკონტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში მომზადებულ ცვლილებებთან დაკავშირებით სარჯველაძემ განუცხადა, ოპოზიცია თუ სამართლებრივი გზებით დაურეგულირებელი საკითხების დარეგულირების მცდელობას ვინმეს დასჯად აღიქვამს, ეს ძალიან ცუდია და მათი პრობლემაა.

„მათი განცხადებები არის ჭიქაში ქარიშხლის შექმნის მცდელობა. არ მგონია, კანონპროექტის გასაკრიტიკებლად საგნობრივად სწორი არგუმენტები ჰქონდეთ შერჩეული. ეს საკითხი ნაკლებად საკამათოა. შესაბამისად, ალბათ უმჯობესია, ეს საკითხები გადაწყდეს სამართლებრივი ინსტრუმენტების, მათ შორის, კონსტიტუციური მართლმსაჯულების გამოყენების გზით და ამაში რა არის მიუღებელი ოპოზიციისთვის, ეს მათი მხრიდან გაუგებარია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დავების წარმოებასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა.

ცვლილებების ინიციატორები არიან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი.