მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიცია საკუთარ შანსს ხედავს მხოლოდ იმაში, რომ როგორმე ხელი შეუშალოს საქართველოს წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიცია საკუთარ შანსს ხედავს მხოლოდ იმაში, რომ როგორმე ხელი შეუშალოს საქართველოს წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით

მინდა, კიდევ ერთხელ შევაფასოთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად განსაზღვრულ თორმეტ წინაპირობაზე მუშაობის პროცესი. არ მგონია შემთხვევითი, რომ წინაპირობებს შორის ევროკომისიის მხრიდან უპირველესად დეპოლარიზაცია დასახელდა. დეპოლარიზაცია უნდა ყოფილიყო ყველა სხვა წინაპირობაზე მუშაობის ლაიტმოტივი და სხვა წინაპირობებზე მუშაობის მთავარი მახასიათებელი“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას.

მისი თქმით, ეს ნიშნავს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთობლივ მუშაობას.

წინაპირობებზე მუშაობას სამუშაო ჯგუფების ფორმატების შექმნა იმისთვის სჭირდებოდა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას ერთობლივად მუშაობის შესაძლებლობა მისცემოდა. სწორედ ეს გააკეთა ხელისუფლებამ და შესთავაზა ოპოზიციას, ერთად გვემუშავა სამუშაო ჯგუფებში. ამაზე მივიღეთ ცივი უარი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ერთ-ერთი კოლეგა დღეს საუბრობდა, რომ ოპოზიცია სრულად ჩართული იყო. სათანამშრომლოდ ხელის გაწოდებაზე პასუხად მივიღეთ ოპოზიციის დიდი ნაწილის ბოიკოტი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ეს იყო არა ბოიკოტი, არამედ საბოტაჟის ნაცადი ხერხის გამეორება. ოპოზიციის ამ დესტრუქციულმა დამოკიდებულებამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა მათი ნამდვილი მიზანი, ძალისხმევა მიემართათ წინაპირობების შესრულების ხელის შეშლაზე. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ოპოზიცია საკუთარ შანსს ხედავს მხოლოდ იმაში, რომ როგორმე ხელი შეუშალოს ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს წინსვლას და ამაში დაადანაშაულოს საქართველოს ხელისუფლება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დეპუტატ მიხეილ სარჯველაძის გამოსვლის ტექსტს საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.