მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიცია მუდმივად ცდილობს საგამოძიებო მოქმედებების დაკნინებას, ხელისუფლება გეგმაზომიერად მუშაობს
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიცია მუდმივად ცდილობს საგამოძიებო მოქმედებების დაკნინებას, ხელისუფლება გეგმაზომიერად მუშაობს

ხელისუფლება გეგმაზომიერად მუშაობს, რათა კონკრეტული სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგეს იმ პირებისა, რომელთაც ბრალი მიუძღვით არანორმალურ ქმედებებში, რომელიც 5 ივლისს თბილისის ქუჩებში ვიხილეთ, – ამის შესახებ  პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია მუდმივად ცდილობს, რომ საგამოძიებო მოქმედებები დააკნინოს.

„არ მგონია, რომ დაგვიანებულია საპროცესო მოქმედებები, რომელიც დღეს ტარდება. საპროცესო მოქმედებების წარმართვა მარტივი საქმე არ არის, ამას სჭირდება დაგეგმვა და ეტაპობრივად ყველა იმ მოქმედების განხორციელება, რომელმაც საგამოძიებო უწყება ბრალის წაყენების შესაძლებლობასთან უნდა მიიყვანოს. როცა ჩვენი ოპონენტები ვითარებას იმგვარად ხაზავენ, რომ მხოლოდ სოციალური ქსელებით გასული ინფორმაცია საკმარისია ბრალის წასაყენებლად, ასე არ არის. შეიძლება, ისინი აბუჩად იგდებენ მოქმედ სამართლებრივ ნორმებს და სათანადო სამართლებრივ პროცედურებს, მაგრამ ამას ხელისუფლება ვერ აყვება და გეგმაზომიერად მუშაობს, რათა კონკრეტული სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგეს პირების, რომელთაც ბრალი მიუძღვით იმ არანორმალურ ქმედებებში, რომელიც 5 ივლისს თბილისის ქუჩებში ვიხილეთ.

ოპოზიციის კომენტარებს თუ დააკვირდებით, მუდმივად ცდილობენ საგამოძიებო მოქმედებების დაკნინებას. არ მგონია, რომ ოპოზიციას ხელისუფლების კრიტიკის მიზეზი ჰქონდეს, როცა საუბარია ასეთი სახის საგამოძიებო მოქმედებებზე. მნიშვნელოვანია, რომ პროცედურები სწორად წარიმართოს, რათა შედეგამდე მივიდეს კონკრეტული ბრალდების საქმე“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

დატოვე კომენტარი