მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიცია გაცილებით მეტად უნდა იყოს მოტივირებული, რომ მოლაპარაკების ეს ფაზა შედეგიანი აღმოჩნდეს
მნიშვნელოვანია, მოლაპარაკების პროცესში შევთანხმდეთ თამაშის ერთგვარ წესებსა და იმ ღირებულებების სისტემაზე, რომლის ირგვლივაც მოგვიწევს გადაწყვეტილებების მიღება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძის შეფასებით, ამგვარ ღირებულებებს შორის უპირველესია ქვეყნის ინტერესი.
მიხეილ სარჯველაძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტსა და პოლიტიკურ დიალოგში მისი მონაწილეობის საკითხს გამოეხმაურა.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უახლოეს მომავალში სტუმარი ჩამოვა საქართველოში და აქტიურად დაიწყებს მუშაობას მხარეებს შორის მოლაპარაკების წარმართვის მიმართულებით. რა თქმა უნდა, მაღალია ჩვენი მოლიდინი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება, გაჩნდეს მეტი შანსი მოლაპარაკებისთვის, რადგან ასეთი გამოცდილი დიპლომატის ჩართულობა ზრდის შესაძლებლობებს, რომ მხარეებმა რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე კონსენსუსს მიაღწიონ. მოლაპარაკებების დროს უნდა გამოჩნდეს შესაძლებლობები. გარდა იმისა, რომ მხარეები მედიატორს საკუთარ ხედვას გააცნობენ, მნიშვნელოვანია, შეეცადონ, იპოვონ ის თემები, სადაც შესაძლოა, საერთო ხედვა ჰქონდეთ. რა იქნება შეთანხმების საგანი, ალბათ, ძნელია წინასწარ პროგნოზების გაკეთება და შესაძლოა, არასასურველია მოლაპარაკებებისთვის. წინასწარ პრიგნოზების გაკეთება მიზანშეწონილი არ არის.
მნიშვნელოვანია, მოლაპარაკების პროცესში შევთანხმდეთ თამაშის ერთგვარ წესებსა და იმ ღირებულებების სისტემაზე, რომლის ირგვლივაც მოგვიწევს გადაწყვეტილებების მიღება. ასეთთა შორის უპირველესია ქვეყნის ინტერესი. ეს იქნება მთავარი წრე, რომლის ფარგლებშიც მიგვიწევს მოძრაობა მოლაპარაკებათა პროცესში. ოპოზიციას სჭირდება, გაცილებით მეტად იყოს გულწრფელად მოტივირებული, რომ შედეგიანი აღმოჩნდეს მოლაპარაკების ის ფაზა, რომელშიც ამჟამად ვიმყოფებით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.