მიხეილ სარჯველაძე - ოპონენტები რომ ამბობენ, სუს-მა ცრუ ინფორმაცია გაავრცელაო, ნეტამც, ასე იყოს, მაგრამ რა ვუყოთ წარსულ გამოცდილებას და თუნდაც აუდიოჩანაწერს, რომელიც ახლახან მოვისმინეთ
მიხეილ სარჯველაძე - ოპონენტები რომ ამბობენ, სუს-მა ცრუ ინფორმაცია გაავრცელაო, ნეტამც, ასე იყოს, მაგრამ რა ვუყოთ წარსულ გამოცდილებას და თუნდაც აუდიოჩანაწერს, რომელიც ახლახან მოვისმინეთ

ოპონენტები რომ ამბობენ, სუს-მა ცრუ ინფორმაცია გაავრცელაო, ნეტამც, ასე იყოს, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“.

„ძალიან გამიხარდება, ტყუილად გვეშინოდეს, რომ ქვეყანაში არსებობენ თავქარიანი ადამიანები, რომლებსაც აქვთ ასეთი განზრახვები, მაგრამ რა ვუყოთ წარსულ გამოცდილებას და თუნდაც, იმ აუდიოჩანაწერს, რომელიც სულ ახლახან მოვისმინეთ? ახლა ამბობენ, ეს ძალმომრეობა კანონიერი, კონსტიტუციური და კონვენციური იქნებაო. ძალმომრეობაა, აბა რა არის, ხუთასი მანქანით უნდა ჩავხერგოთ და სამართალდამცავ ორგანოებს საკუთარი ფუნქციის შესრულების საშუალება არ მივცეთო? აბა, რა იქნება ეს? რაც უნდა კონსტიტუციური ეპითეტით შეამკონ, შეიძლება, ეს ყველაფერი ნორმალურ ფარგლებში ჯდებოდეს? წარმოგიდგენიათ, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში, გნებავთ, ევროკავშირის რომელიმე სახელმწიფოში ან აშშ-ში ვინმემ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს? ასეთი გვინახავს, მაგალითად, ვესტერნის ფილმებიდან და ახლა, ამას ნუ დავარქმევთ მაინც და მაინც იმას, რომ ეს არის ღვთისგან დალოცვილი ქმედებების ერთობლიობა, რომელსაც ეს ადამიანები სრულიად ანგარიშმიუცემლად გეგმავდნენ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ამ განცხადებით მიხეილ სარჯველაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად არის იმის საშიშროება, რის შესახებაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომ ოპოზიცია გეგმავს სახელმწიფო შენობების ბლოკირებას, ვითარების ესკალაციას და ასევე, განიხილავს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობას, რაზეც ოპოზიცია ამბობს, რომ ეს განცხადება აქციის მონაწილეების დაშინებას ემსახურება და რეალური მტკიცებულებებით გამყარებული არ არის. 

როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ოპონენტები რაღაც ოქსიმორონებს იყენებენ, კონსტიტუციური ძალადობა და ა.შ.

„ეს ყველაფერი უცნაური მოვლენაა, მაგრამ ფაქტია. რაღაც ოქსიმორონებს იყენებენ, კონსტიტუციური ძალადობა და რაღაც უცნაურ რაღაცებს ლაპარაკობენ. თან, ამ დროს, იხმობენ ისეთ კატეგორიებს ან აქცენტი ისეთ თემებზე საუბარზე გადააქვთ, რომელიც სრულიად ამოვარდნილია კონტექსტიდან. ასეთია, მაგალითად, ზოგადად სიტყვა რევოლუციაზე გამოკიდება და ვითარების გაშარჟება, რაც აბსოლუტურად მცდარი და ალოგიკურია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

სარჯველაძის თქმით, არ შეიძლება, ქვეყანაში ვინმემ თავს სამართლის უპატივცემულობის უფლება მისცეს და მარტო იმიტომ, რომ მიზანი საშუალებას ამართლებს, რაღაც ნაბიჯები გადადგან. „მაშინ, როდესაც მიზანი არის აბსოლუტურად მერკანტილური და საშუალებები ძალმომრეობითი“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძემ ასევე განაცხადა, რომ პარლამენტმა იუსტიციის სამინისტროსგან მიიღო პასუხი იმ შეკითხვებზე, რომლითაც უწყებას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და პირობებთან დაკავშირებით მიმართა და ეს ყველაფერი პარლამენტის ვებ-გვერდზე ყველა დაინტერესებული პირისთვის საჯაროდ არის ხელმისაწვდომი.

„სხვათა შორის, იქ ერთი პუნქტია, რომელიც ამ კვების საკითხთან შეიძლება, შემხებლობაში იყოს. დანარჩენი, გახსოვთ, რომ სხვა ტიპის ინსინუაციებსაც ვისმენდით, იგივე ტელეფონთან, ტელევიზორთან, ლეიბთან და ა.შ დაკავშირებით და ამ ყველაფერთან დაკავშირებით კითხვებია დასმული. სხვათა შორის, ბევრი, გაუთავებელი და უაზრო ლაპარაკის მიუხედავად, აღმოჩნდა, რომ ამასთან დაკავშირებით საჩივარი არც არავისგან დაფიქსირებულა და ა.შ. ძალიან საინტერესო მიგნებებია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.