მიხეილ სარჯველაძე - ნათელია, რომ სააკაშვილის სადმე გადაყვანის საჭიროება არ არსებობს, რამდენიმე დღიანი ტყუილების კასკადის შემდეგ გამომზეურდა, რომ აბსოლუტურად შეგნებულად ატყუებდნენ საზოგადოებას
მიხეილ სარჯველაძე - ნათელია, რომ სააკაშვილის სადმე გადაყვანის საჭიროება არ არსებობს, რამდენიმე დღიანი ტყუილების კასკადის შემდეგ გამომზეურდა, რომ აბსოლუტურად შეგნებულად ატყუებდნენ საზოგადოებას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ცხადი უნდა იყოს, რომ არავინ აპირებს ულტიმატუმებზე წამოგებას, საჭიროა თუ არა, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ კერძო სამედიცინო კლინიკაში.

მისივე თქმით, ნათელია, რომ მიხეილ სააკაშვილის სადმე გადაყვანის საჭიროება არ არსებობს.

„წამოყენებული იყო ულტიმატუმი, რომ მიუხედავად იმისა, სჭირდება თუ არა, პენიტენციურ სამსახურს თავად შეუძლია თუ არა საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების მიწოდება, უნდა გადაიყვანოსო სააკაშვილი კერძო სამედიცინო კლინიკაში. საზოგადოებამ განსაჯოს, რამდენად საფუძვლიანია ასეთი ულტუმიტამებით საუბარი. ასეთ ულტუმატუმებზე წამოგებას რომ არავინ აპირებს, ესეც ცხადი უნდა იყოს. მგონი, თვითონ ამ ულტუმატუმის ავტორებიც ცდილობენ, მეტი დაძაბულობა შემატონ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მიუხედავად იმისა, სამართლიანია მათი მოთხოვნა, თუ არა. ნამდვილად რომ არ არსებობს არანაირი საჭიროება ბატონი სააკაშვილის სადმე გადაყვანისა, მემგონი, ეს ნათელი და ცხადია, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღიანი ტყუილების კასკადის შემდეგ გამომზეურდა, რომ აბსოლუტურად შეგნებულად ეს ადამიანები ატყუებდნენ საზოგადოებას. ამ ფონზე კიდევ რამდენად შეიძლება, სანდო იყოს რომელიმე სიტყვა, რომელსაც ვისმენთ ოპოზიციის მხრიდან“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სარჯველაძის განმარტებით, წესის მიხედვით, სააკაშვილის მკურნალობისთვის აუცილებელი მომსახურების გაწევის შესაძლებლობა პენიტენციურ სამსახურს თუ არ აქვს, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება, ის გადაყვანილი იქნას კერძო კლინიკაში.

„როგორც პენიტენციური სამსახური ამბობს, იმ მომსახურებების, რომლებიც არის გათვალისწინებული, როგორც ურგენტულად აუცილებელი ღონისძიებები, ამ ყველაფრის გაკეთების შესაძლებლობა აქვს პენიტენციურ სამსახურს. რაც შეეხება კატეს აპარატს და ასე შემდეგ, მე პროფესიონალი უშუალოდ არ ვარ, მაგრამ ვისთანაც კი ვისაუბრე და ვისაც ველაპარაკე, კატე არ არის სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნებისთვის გამიზნული აპარატი, ეს არის კვლევებისთვის და ასე შემდეგ. თუ კონკრეტული საჭიროება გაჩნდა, ამაზე მერე უნდა ვიმსჯელით და არა წინასწარ. წინასწარ რაზეც უნდა იყოს სამზადისი, ეს არის, რომ თუ მოსალოდნელია ვითარების ისე გაუარესება, როდესაც აუცილებელია სამედიცინო ჩარევა, ამისთვის ყველაფერი მზად არის.

ამაზე მიუთითებს სხვათაშორის თავად სახალხო დამცველი, თუმცა მარავალპროფილურობაზე როდესაც არის საუბარი, არ ვიცი, რამდენ პროფილს მოიცავს ამ შემთხვევაში კონკრეტულად ის დაწესებულება, რომელსაც აფასებდა სახალხო დამცველი, არ ვიცი, რომელი მოისაკლისა და რამდენს უნდა აკმაყოფილებდეს, რომ მისთვის მრავალპროფილურად ჩაითვალოს, მაგრამ მრავალი პროფილით სერვისის მიწოდება რომ შეუძლია ამ დაწესებულებას, ეს კი ნამდვილად უდავოა, მათ შორის უსაფრთხოების ზომებიც რა საკვირველია.

კონტროლის ის ფორმები, რაც არსებობს დღეს სახელმწიფოში – რასაკვირველია, ვერავინ თავს უფლებას ვერ მისცემს, რომ რომელიმე უფლება არასათანადოდ იყოს დაცული, ეს კარგად ესმის პენიტენციურ სამსახურს. შესაბამისად, არ მგონია, იმ სპეკულაციებს, რომლებიც ამ თვალსაზრისით ტრიალებს და ტირაჟირებს, რაიმე დასაყრდენი ჰქონდეს“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ამავდროულად, სარჯველაძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის მიერ კადრების გასაჯაროვება დარღვევას არ წარმოადგენს.

„კადრების გასაჯაროვება არ მგონია, რომ დარღვევას წარმოადგენდა. არსებობს მოვლენა, რომელზეც საზოგადოების დაძაბვას, საზოგადოების მოტყუებას ცდილობდნენ ოპოზოციონერი ლიდერები. ბევრი მათგანი ცდილობდა, საზოგადოება შეეყვანა შეცდომაში, რომ აი, არავითარი საკვები არ მიუღია ბატონ სააკაშვილს, რომ მისი მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე და თითქოს იუსტიციის სამინისტრო ჯიუტად ეწინააღმდეგება მის მკურნალობას. ამის საწინააღმდეგოდ ითქვა სიმართლე, ახლა საუბარი იმაზე, რომ ეს უკანონო იყო, გამოდის, რომ მაშინ მათი პრეტენზიაა, რატონ ბოლომდე არ მიეცათ შესაძლებლობა, საზოგადოება ტყუილით ბოლომდე ეკვებათ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.