მიხეილ სარჯველაძე - მთავარ პროკურატურას ესაჭიროება არა უბრალოდ პროფესიონალი, არამედ უფლებადაცვითი და აკადემიური ხედვის მქონე ხელმძღვანელი
მიხეილ სარჯველაძე - მთავარ პროკურატურას ესაჭიროება არა უბრალოდ პროფესიონალი, არამედ უფლებადაცვითი და აკადემიური ხედვის მქონე ხელმძღვანელი

საქართველოს მთავარ პროკურატურას, ჩემი ღრმა რწმენით, განსაკუთრებით ესაჭიროება არა უბრალოდ პროფესიონალი, არამედ უფლებადაცვითი და აკადემიური ხედვის მქონე ხელმძღვანელი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომელმაც საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი წარუდგინა.

სარჯველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავარი პროკურორობის მსურველი 18 კანდიდატიდან, სამის შერჩევის კრიტერიუმებსა და პრინციპებზე ისაუბრა.

„საქართველოს მთავარი პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული პროცედურები მიმდინარეობს, რისი დაუყოვნებლივ ჩატარების ვალდებულებასაც იუსტიციის მინისტრს კანონი აკისრებს. 2018 წლის 4 ივლისს დასრულდა შესაძლო კანდიდატურის წარმოდგენისთვის განსაზღვრული ერთ თვიანი ვადა და საპროკურორო საბჭოსთვის მთავარი პროკურორობის კანდიდატურების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მისი განმარტებით, პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პრიმა პუნქტის მიხედვით, განსაზღვრულია მოთხოვნები, რომელსაც საქართველოს მთავარი პროკურორობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს:  ნასამართლობის არქონა, განათლებისა და შესაბამისი გამოცდილების ცენზი, მაღალი პროფესიული თვისებები და ავტორიტეტი და სხვა.

„ასეთია კრიტერიუმები, რომელსაც კანონი საპროკურორო საბჭოსთვის იუსტიციის მინისტრის მიერ წარსადგენ კანდიდატებთან მიმართებაში ადგენს. ვასრულებ რა იუსტიციის მინისტრის მოვალეობას, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კანონი მთავრობის სტრუქტურის უფლება-მოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ. ჩემ მიერ 18 წარმოდგენილი კანდიდატის ბიოგრაფიების შესწავლა მოხდა იმ პრეროგატივის ფარგლებში, რომელსაც კანონი იუსტიციის მინისტრს ანიჭებს. დღეს საპროკურორო საბჭოს ჩემ მიერ წარედგინება სამი კანდიდატი. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ განსახილველად წარდგენილ კანდიდატთა შორის არაერთი ჩემთვის მეტად პატივსაცემი პიროვნებაა, რის გამოც მხოლოდ ამ კრიტერიუმებით არჩევანის გაკეთება მარტივი არ იქნებოდა, რომ არა სხვა მახასიათებლები და ფაქტორები, რომელთა მიხედვითაც გავაკეთე არჩევანი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი განმარტებით, შერჩევისას მხედველობაში იქნა მიღებული წარდგენილ პირთა, როგორც განათლება და პროფესიული გამოცდილება, ასევე პიროვნული მახასიათებლები, როგორიცაა მმართველობითი უნარ-ჩვევები, გამოცდილება და კვალიფიკაცია, მიზანსწრაფულობა, პატიოსნება და ა.შ.

„ასევე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ შეფასებისას ჩემ მიერ მხედველობაში იქნა მიღებული არა უბრალოდ გამოცდილება, კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები, არამედ განსაკუთრებული აქცენტი სწორედ იმ მახასიათებლებზე გაკეთდა, რომელიც ვფიქრობ, ყველაზე მეტად ესადაგება დღეს საქართველოს მთავარი პროკურატურის წინაშე მდგარ ამოცანებსა და გამოწვევებს. ამ თვალსაზრისით, გამოვყოფდი ისეთ ასპექტებს, რომელიც პროფესიულთან ერთად სამეცნიერო გამოცდილებაა. ყურადღება ადმინისტრაციული მართვის გამოცდილებაზეც გამახვილდა, პროფესიასთან უწყვეტი კავშირის არსებობაზე განსაკუთრებით უკანასკნელ წლებში. ჩემი ღრმა რწმენით, დღეს საქართველოს მთავარ პროკურატურას განსაკუთრებით ესაჭიროება, არა უბრალოდ პროფესიონალი, არამედ უფლებადაცვითი და აკადემიური ხედვის მქონე ხელმძღვანელის ყოლა. შესაბამისად, ჩემი ინტერესი და მხარდაჭერა დაიმსახურეს იმ ადამიანებმა, რომლებიც საზოგადოებისთვის ცნობილი არიან საკუთარი საქმიანობით ადამიანის უფლებების დაცვის განხრით და აკადემიურ წრეებში არაერთი წლის მუშაობის გამოცდილება აქვთ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, მისი თქმით, საპროკურორო საბჭოსთვის წარსადგენი სია გენდერულად დაბალანსებული უნდა იყოს და ყველა ჩამოთვლილი ფაქტორების შეჯერების შედეგად შეირჩა სამი კანდიდატი  – ნინო გოგნიაშვილი, შალვა თადუმაძე და შალვა შავგულიძე.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, რამდენად აკმაყოფილებენ წარდგენილი კანდიდატები საპროკურორო საბჭოს მოლოდინებსა და მოთხოვნებს, საბჭოს მომავალი კვირის სხდომაზე, მათთან გასაუბრებისას გაირკვევა.