მიხეილ სარჯველაძე - მსოფლიოს საზრუნავი უკრაინელი ხალხია, აქაური ოპოზიციის კი, საკუთარი მერკანტილური ინტერესი
მიხეილ სარჯველაძე - მსოფლიოს საზრუნავი უკრაინელი ხალხია, აქაური ოპოზიციის კი, საკუთარი მერკანტილური ინტერესი

ძალიან სამწუხაროა და ძნელად მოსასმენი ეს ყველაფერი, როდესაც ვხედავ, რომ მთელი მსოფლიოს საზრუნავი უკრაინელი ხალხია და აქაური ოპოზიციის საზრუნავი საქართველოში საკუთარი მერკანტილური ინტერესი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ოპოზიციონერ ზურაბ ჭიაბერაშვილის ფეისბუქპოსტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა. როგორც ჭიაბერაშვილი წერს, „საჭიროა, აგორდეს დიდი კამპანია „დაასანქცირეთ რუსი ოლიგარქი ივანიშვილი საქართველოში“. მისივე თქმით, ეს მესიჯი უნდა ახლდეს ჩვენს ყველა პოსტს „ტვიტერსა“ და „ტელეგრამზე“, რომელსაც, ჭიაბერაშვილის თქმით, მთელი მსოფლიო კითხულობს.

სარჯველაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება უკრაინელი ხალხის გვერდში დგას და ეს საერთაშორისო ასპარეზზე მიღებულ დოკუმენტებშიც გამოჩნდა.

„ეს არის უბედურება. ეს არის მანკიერი აზროვნების კლასიკური მოდელი. ადამიანებს არ აინტერესებთ იქ გარდაცვლილი ბავშვის ამბავი და აინტერესებთ აქ როგორ მოიწყონ პოლიტიკური კარიერა. კარგია ეს? ეს არ არის ნორმალური. ერთია ლაპარაკი და ბოდიშს ვიხდი, ყბედობა ოპოზიციის მხრიდან და მეორე არის ნაკეთები საქმეები. ხელისუფლება ამ წუთას დგას უკრაინელი ხალხის გვერდში. ეს გამოიხატება მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე უმნიშვნელოვანესი დოკუმენტების მიღებაში.

კითხვები რომ გაჩნდა პირველ დღეს, ვის მხარეს ვდგავართ, ამ სპეკულაციებს ხომ დაუსვა წერტილი საერთაშორისო ასპარეზზე იმ დოკუმენტების მიღებამ, ან ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებამ. ახლა საკითხის ისე დაყენება, რომ მანდარინს თუ აღარ შევიტანთ რუსეთში, რუსეთი ამის გამო კოლაფსში ჩავარდება, და ჩვენ გავიმარჯვებთ, ეს არის უბრალოდ ადამიანების მოტყუება. ჩვენი მოქალაქეების მოტყუებაა“, – განაცხადა სარჯველაძემ.