მიხეილ სარჯველაძე - მოსმენების შემდეგ ალბათ გვეცოდინება, უშუალოდ რამდენ ადამიანზე გავრცელდება ამნისტიის კანონით გათვალისწინებული შეღავათი, თუმცა ათასს ყველა შემთხვევაში შეეხება
მიხეილ სარჯველაძე - მოსმენების შემდეგ ალბათ გვეცოდინება, უშუალოდ რამდენ ადამიანზე გავრცელდება ამნისტიის კანონით გათვალისწინებული შეღავათი, თუმცა ათასს ყველა შემთხვევაში შეეხება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას მეორე მოსმენით იწყებს.

მისივე თქმით, კანონპროექტი შესაძლოა, რამდენიმე მიმართულებით გაფართოვდეს.

თუმცა, სარჯველაძე კვლავ აცხადებს, რომ ამნისტიის კანონპროექტი ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე არ გავრცელდება.

„რამდენიმე მიმართულებით შესაძლებელია, გაფართოვდეს ამნისტიის კანონპროექტი, თუმცა ოდნავ განსხვავებულად. გათვალისწინებულია რიგი დანაშაულებისა, რომლისთვისაც სასჯელი შეიძლება განახევრდეს ან შემცირდეს მეოთხედით. არის გარკვეული კატეგორია, რომლისთვისაც შეიძლება, შეიცვალოს სასჯელი შინაპატიმრობით. როგორც თავდაპირველად იყო გაცხადებული, ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე არ გავრცელდება ამნისტია.

რაც შეეხება ნარკოდანაშაულებს, სამსჯელოა და მეორე მოსმენის რეჟიმში ვიმსჯელებთ, როგორ, რა ფორმით შეიძლება განივრცოს ამინისტია. რაც შეეხება გარკვეული კატეგორიის პირებს, სტუდენტებსა და ქალებზეა აქ საუბარი, შესაძლოა, გარკვეული დათქმებით მოხდეს ამ პირებზე ამნისტიის გავრცელება, რაც გულისხმობს შინაპატიმრობით სასჯელის შეცვლას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძე ამ ეტაპზე ვერ ასახელებს ზუსტ ციფრს, რამდენ ადამიანზე შეიძლება გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული შეღავათი, თუმცა ამბობს, რომ 1 000 ადამიანს აუცილებლად შეეხება.

„უშუალოდ რამდენ ადამიანზე გავრცელდება კანონით გათვალისწინებული შეღავათი, ალბათ ეს მოსმენების შემდეგ გვეცოდინება, თუმცა პროგნოზების გაკეთება შეუძლებელი იქნება, გარკვეულ სპეციფიკებზე მორგება გახდება აუცილებელი, ინდივიდუალურ შემთხვევებზე გათვალისწინებული იქნება, როგორ უნდა მოხდეს აღსრულება, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ათას ადამიანს ყველა შემთხვევაში შეეხება.

აღსრულება დაიწყება კანონის მიღებისთანავე. გარკვეული პერიოდი იქნება საჭირო პროცედურების გასავლელად, ამისთვის დაახლოებით ერთი თვე გვაქვს გათვალისწინებული, თუმცა კანონპროექტი მოიცავს 6-თვიან პერიოდს, ეს გათვალისწინებულია იმ შემთხვევებისთვის, როცა მსჯავრდებულს ზიანის ანაზღაურება უხდება დაზარალებულისთვის ან დაზარალებულის თანხმობაა საჭირო“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.