მიხეილ სარჯველაძე - მოქმედი კანონმდებლობა უშვებს, რომ სასამართლოს შენობისგან განცალკევებულ, სხვა ადგილზე გაიმართოს სხდომა
მიხეილ სარჯველაძე - მოქმედი კანონმდებლობა უშვებს, რომ სასამართლოს შენობისგან განცალკევებულ, სხვა ადგილზე გაიმართოს სხდომა

არ იქნება მართებული ცოტნე დადიანის ხატის შექმნა მარტო იმიტომ, რომ ვიღაცას სურს ეს რევოლუციური სცენარისთვის გამოადგეს, თუ ეს გადის ადამიანების შეცდომაში შეყვანის ხაზით, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

დეპუტატმა განმარტება გააკეთა მის მიერ იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძისთვის გაგზავნილ კითხვებთან დაკავშირებით, რომლებიც პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას უკავშირდება.

სარჯველაძის თქმით, როდესაც საზოგადოებრივი ინტერესი არის მაღალი, პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობაც არეგულირებს განსხავავებულად არეგულირებს ამ საკითხებს​.

„არაერთხელ გვითქვამს, რომ საპარლამენტო კონტროლი განხორციელდება იმ მიმართულებაზე, რასაც ჰქვია პენიტენციურ დაწესებულებაში ბატონი სააკაშვილის ყოფნის პერიოდში მისი უფლებების დაცვა. მუდმივად გვქონდა კონტროლი, როგორ ვითარდებოდა პროცესები. ბოლო პერიოდში იხილეთ გამწვავებული ფონი, ბევრი ადამიანი ცდილობდა წარმოეჩინა მიმდინარე მოვლენები ხშირ შემთხვევაში სინამდვილესთან შეუსაბამოდ. მნიშვნელოვანია, ჩვენ გქონოდა ზუსტი, სწორი ინფორმაცია. შესაბამისად, სადეპუტატო კითხვა გულისხმობდა ინფორმაციის მოძიებას იმ საკითხების ირგვლივ, რომელიც ამ თვალსაზრისით ყურადღებას შეიძლება იმსახურებდეს. არის პასუხი ამასთან დაკავშირებით. პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობაც არეგულირებს მათ შორის ამ საკითხებს, მათ შორის განსხვავებულად, იგივე, სამედიცინო ინფორმაციას და განსხვავებულად სხვა ტიპის მონაცემებს, რომელიც პერსონალური შეიძლება იყოს. როდესაც მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, ასეთი საკითხები განსხვავებულად რეგულირდება. არ მგონია, რომ რომელიმე დებულება იმ პასუხიდან, რომელიც მიღებული გვაქვს იუსტიციის სამინისტროდან, ეჭვს იწვევდეს ან რაიმე ფორმით საკამათო იყოს. ანალოგიური შემიძლია ვთქვა იმ ფაქტების შესახებ, რაც გაცხადდა გუშინ იუსტიციის მინისტრის მხრიდან. შესაბამისად, მე არ მგონია, რომ რომელიმე უფლება დარღვეულია.

სადეპუტატო კითხვას აქვს თავის ფორმატი, სადეპუტატო კითხვა დაისმის საჯაროდ. შესაბამისად, პასუხიც მოდის ისე, რომ ეს ხილვადია საზოგადოებისთვის“, – განაცხადა სარჯველაძემ.

რაც შეეხება იუსტიციის მინისტრის რეკომენდაციას, რომ მიხეილ სააკაშვილის პროცესი პენიტენციურ დაწესებულებაში გაიმართოს, სარჯველაძე ამბობს, რომ „ასეთ რამეს მოქმედი კანონმდებლობა უშვებს“.

„ასეთ რამეს მოქმედი კანონმდებლობა უშვებს, რომ სასამართლოს შენობისგან განცალკევებულ, სხვა ადგილზე გაიმართოს სხდომა. რამდენად არსებობს კონკრეტულ ვითარებაში ამის რეკომენდაციის გაცემის საფუძვლები, ამასთან დაკავშირებითაც გვექნება ბუნებრივია დისკუსია, მაგრამ ლოგიკა ამაში ნამდვილად არის. ლოგიკა გამოიხატება იმაში, რომ ეს არ გახდეს ახალი დაძაბულობის კერა, მიზეზი და ა.შ., რასაც ფუნდამენტს ასეთი ვარაუდების გამოთქმისთვის, რომ შეიძლება გარკვეული საფრთხის პროვოცირება მოახდინოს სასამართლოში სააკაშვილის მიყვანამ, ბადებს მაგალითად სუს-ის განცხადება, რომელიც მოვისმინეთ. ამიტომ, ხელისუფლებას აქვს მოვალეობა, იყოს განსაკუთრებულად ფრთხილი, რომ არავის გაუჩინოს თუნდაც სურვილი, განზრახვა ან ილუზია იმისა, რომ შეიძლება, ვინმეს რამე გამოუვიდეს დანაშაულის ჩადენის გზით. არ გამოვა ეს დანაშაული, არც პერსპექტიული იქნება.

ერთ საინტერესო დეტალს დავამატებ, გუშინ ამ ამბის მერე, მიუხედავად იმისა, რომ ვითომ გულშემატკივრები არიან პირადად ბატონი სააკაშვილის, ესე იგი მისი ჯანმრთელობისთვის სასიკეთო ამბავი რომ გაიგე, გაღიზიანდნენ ამით ადამიანები. ეს არის უბედურება. არავითარი ცოტნე დადიანის ხატის შექმნა მარტო იმიტომ, რომ ვიღაცას სურს დღეს რევოლუციური სცენარის განვითარებისთვის ეს გამოადგეს, არ იქნება მართებული თუ ეს გადის ადამიანების შეცდომაში შეყვანის ხაზით“, – განაცხადა სარჯველაძემ.